ზესტაფონში რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი გაიხსნა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კოოპერატივი „ზესტაფონური“ გაიხსნა. კოოპერატივი 15 ფერმერისაგან შედგება. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა რძის ქარხნული ტექნოლოგიით გადამუშავება, იმერული ყველის, მაწონის, ნადუღის და სხვა რძის პროდუქტების წარმოება.
კოოპერატივის გახსნის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კოოპერატივი დაფინანსებულია პროექტის “მცირე ფერმერთა კოოპერირების და წარმოების ხელშეწყობა იმერეთისა და რაჭის რეგიონებში” ფარგლებში.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, კოოპერატივი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მოეწყო. ამ პროგრამის ტექნიკური გრანტის მიღებით შესაძლებელი გახდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რომლის სრული დაცვით კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქცია მიუახლოვდა სურსათის ეროვნული უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხსდა ხარჯთ-ეფექტურობას, ხელს უწყობს კონკურენციას, რომელიც დადებითად აისახება კოოპერრატივის წევრთა შემოსავალზე.
ამ ეტაპზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებს ევროკავშირი 102 მილიონი ევროს მხარდაჭერას უწევს.
ავტორი: ნიუპრესი