|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სააფთიაქო ნარკომანიას" შეწირული ახალგაზრდები

ბოლო პერიოდში  ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარების შედეგად ქუთაისში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზად  ფსიქიკური აშლილობა დასახელდა.  ახალგაზრდები, რომლებმაც სიცოცხლე ფატალურად დაასრულეს, მედიკამენტის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

 "სააფთიაქო ნარკომანიის" წინააღმდეგ დეკლარირებული ბრძოლა მიმდინარეობს, თუმცა აფთიაქებში ნებისმიერი მსურველისათვის კვლავ ხელმისაწვდომია საძილე საშუალებებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა. 

 როგორც "ნიუპრესს" ერთ-ერთი გარდაცვლილის მეგობარმა განუცხადა,  ლ.ქ. ნარკომანიით ორი წლის წინ დაავადდა,  თავდაპირველად მსუბუქ ნარკოტიკს მოიხმარდა,  შემდეგ ძლიერი ნარკოტიკის მიღება დაიწყო, ბოლოს კი იაფასიანი მედიკამენტების მომხმარებელი გახდა. როგორც დავითი ს. ამბობს, ფსიქოტროპული მედიკამენტების  ყიდვა ქუთაისში პრობლემას არ წარმოადგენს. მისი თქმით, პრეპარატების შეძენა იმდენად ღიად ხდება, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ყველას აქვს, თუმცა აფთიაქები მუშაობას უპრობლემოდ განაგრძობენ.

"ქუთაისში არსებობს ორი ფსიქოტროპული აფთიაქი , სადაც ასაკის, სქესის მიუხედავად და რეცეპტის გარეშე არის შესაძლებელი "საკაიფო" წამლების შეძენა.   ყველა ეს პრეპარატი მარტივად შეგვიძლია ვიყიდოთ და ძვირიც არ ჯდება. სწორედ ამ იაფფასიანი მედიკამენტების შეძენის შედეგად დამეღუპა მეგობარი, რომელიც აღნიშნული მედიკამენტების ინტენსიური  მოხმარების შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა და თავი მოიკლა. აღნიშნული შემთხვევები ძალიან ბევრია და სამწუხაროდ, ახალგაზრდები ეწირებიან სააფთიაქო ნარკომანიას, რომლითაც სხვები მდიდდებიან",-ამბობს დავითი.

მისი თქმით, მედიკამენტები, რომელიც სამკურნალოდ  ერთი, ან ორი აბია საკმარისი,  ნარკოდამოკიდებული ადამიანები 20-30 აბს იღებენ, რის შემდეგაც მათ ეწყებათ გაბრუება, მოდუნება.

"ხშირად ამ პრეპარატებს იღებენ ალკოჰოლთან ერთად, რის შემდეგაც ადამიანი გადადის უგონო მდგომარეობაში. ჩემს მეგობარსაც ასე დაემართა, რის შემდეგადაც ფანჯრიდან გადახტა. რამდენიმე თვის წინ მსგავსი ისტორია 22 წლის ბიჭს შეემთხვა, სახლიდან შიშველი გამოვარდა და მანქანას შეუვარდა",-აღნიშნა მან. 

დავითის თქმით, ახალგაზრდობის უმეტესობა "სააფთიაქო ნარკომანიით" არის დაავადებული. ბევრს აღარ უნდა პრეპარატის მიღება, თუმცა უკვე წამალდამოკიდებულები არიან. "როგორმე სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს, რაც ხდება, რომ სხვებიც არ განადგურდნენ, დაავებულებს კი მკურნალობა ჩაუტარონ", - ამბობს ის. 

 ფსიქოტროპული მედიკამეტების რეცეპტის გარეშე გაყიდვა გააპროტესტა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ. მისი განცხადებით, ავტოქარხანაში, ჩხობაძის #18-ში მდებარე აფთიაქში მედიკამეტების ურეცეპტოდ გაცემა ისე ღიად ხდება, შეუძლებელია, ამის შესახებ სამართალდამცველებმა არ იცოდნენ.

"ავტოქარხანაში არის აფთიაქი, რომელიც ურეცეპტოდ ყიდის ფსიქოტროპულ წამლებს. ეს არის პირდაპირი საწამლავი, რომლითაც სისტემატურად იწამლებიან ახალგაზრდები და პირდაპირ კლავენ ახალგაზრდებს. ასეთი სიკვდილისთვის ემეტებათ ჩვენი მომავალი თაობა და 70 წლის მოხუცს პლანის მოწევის გამო იჭერენ. პლანის გამო დასდევენ ახალგაზრდებს და საწამლავს ყიდიან აფთიაქში და ამით მდიდრდებიან. შეგიძლიათ ნახოთ, 17-18 წლის გოგო-ბიჭები როგორ იწამლებიან ყოველდღიურად. ეს  იმდენად ღიად ხდება, იმდენი ადამიანის თვალწინ, ვერავინ დამაჯერებს, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ამის შესახებ არ იციან. ამით შოულობენ მილიონებს და მდიდრდებიან",-განაცხადა წულაიამ.

ფაქტს ადგილობრივებიც ადასტურებენ. მათი თქმით, წლებია აღნიშნულ აფთიაქში  ფსიქოტროპული მედიკამენტები იყიდება რეცეპტის გარეშე და ახალგაზრდების იღუპებიან. აფთიაქში კი ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ფსიქოტროპულ მედიკამანტებს ორი თვის წინ რეცეპტის მიხედვით ყიდდნენ, თუმცა უკვე რეცეპტითაც აღარ ყიდიან. 

სახელმწიფო უწყებების ინფორმაციით, "სააფთიაქო ნარკომანია"  მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, ის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

 შსს-ს  განცხადებით,  მართალია, "კურსტარულად" ("კრაკადილისა“ და „ვინტის“)  დამზადებული ნარკოტიკების შეძენა შემცირდა, მაგრამ,  სამწუხაროდ, „სააფთიაქო ნარკომანია“ მხოლოდ ე.წ. კუსტარული  ნარკოტიკებით არ შემოიფარგლება. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში, საკმაოდ ხშირია სამკურნალო დანიშნულების მქონე აბების, ფსიქოტროპული მედიკამენტების  დანიშნულების გარეშე მოხმარება.

ჯანდაცვის სამინისტრო კი იუწყება: "სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე წლებია აქტიურად მიმდინარეობს, არაერთი რეფორმა განხორციელდა ამ მიმართულებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა ინტრავენური სააფთიაქო ნარკომანია, თუმცა ტაბლეტირებული ფორმით კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ამ მიზნით, ბოლო პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად გატარდა ერთობლივი ღონისძიებები და დაიწყო გამოძიება".

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აფთიაქები, რომლებიც წამლებს დანიშნულების გარეშე გაყიდიან, ფინანსური სანქციებით დაჯარიმდებიან:  პირველი ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციის წესის  დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში ობიექტი  12 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა პირველ შემთხვევაში  500 ლარით,   ხოლო  განმეორების შემთხვევაში – 1 000 ლარით ჯარიმდება.

ვიდრე  "სააფთიაქო ნარკომანიას" აღმოფხვრა მოხდება, ახალგაზრდები აქტიურად მოიხმარენ იაფასიან, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს.  ძლერმოქმედი აბების ხელმისაწვდომობის გამო მასზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი საგანგაშოდ იზრდება.  

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი