სააკაშვილი მზადაა ჩაიტაროს ნარკოტესტი და "ჩელენჯში" ღარიბაშვილს იწვევს
სააკაშვილი მზადაა ჩაიტაროს ნარკოტესტი, თუ ღარიბაშვილი ნარკოტესტს კანცელარიაში, მედიის თანდასწრებით ჩაიტარებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ რუსთავის ციხეში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებაზე სააკაშვილმა ბევრი იცინა და ის ერთგვარ ჩელენჯში გამოიწვია.
ბასიალაიას თქმით, ღარიბაშვილი გადასულია ჭორაობაზე.
„მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და არის ბრძოლისთვის განწყობილი. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ არ აყვნენ ღარიბაშვილის ჭორაობას. ჩვენ მზად ვართ არა ვენაში არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი. ღარიბაშვილთან გვექნება ასეთი ჩელენჯი, მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით ჩააბაროს ტესტი და ამის შემდეგ ეს ენაჭარტალა კაცუნა, რასაც იტყვის, მოვისმენთ“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე არ ეძლევა საშუალება საკანში ტელევიზორი ქონდეს, მას ეუბნებიან, რომ საწყობში არ არის ტელევიზორი, ასევე მას შეზღუდული აქვს ზარის განხორციელების საშუალება და მას ინფორმაციას მხოლოდ მასთან შესული ადვოკატები აწვდიან. როგორც ცნობილია, მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება არ ეძლევათ დეპუტატებს, რადგან ვერ იღებენ პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობას.
მიხეილ სააკაშვილი მეექვსე დღეა რუსთავის ციხეში იმყოფება და აგრძელებს შიმშილობას.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ღია წერილი გამოქავეყნა სადაც მიუთითებს, მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. მისივე თქმით, აბსურდულად მიაჩნია ვერსია, რომ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ის წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ზოგი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდია.
ავტორი: ნიუპრესი