"ჩიხურას" ჩიხი - საჩხერეში 14 ფეხბურთელი მოედანზე პოლიციამ არ შეუშვა
საჩხერეში სათამაშოდ მატჩზე მისული 14 ფეხბურთელი მოედანზე პოლიციის ძალით არ შეუშვეს. მიზეზი ფეხბურთელების გათავისუფლება გახდა.
საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" ფეხბურთელებმა კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება ორი დღის წინ სმს-ით მიიღეს. როგორც ისინი აცხადებენ, კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი აქვთ, ემზადებოდნენ თამაშისთვის, თუმცა მოედანზე აღარ უშვებენ.
მათი თქმით, კლუბი ოფიციალურ მიზეზად კრიზისს ასახელებს, თუმცა არაოფიციალურად ჩაწყობილ თამაშებზე მიუთითებენ.
ფეხბურთელები მომხდარის გამო თავს შეუერცხყოფილად გრძნობენ და ადმინისტრაციას განმარტებას თხოვენ, თუმცა მათთან კონტაქტზე არავინ გადის.
ფეხბურთელების თქმით, მათი მისამართით არასწორო ბრალდება გაჟღერდა, ამიტომ არ გამორიცხავენ, თავად მიმართონ გამოძიებას.
"ორი დღის წინ შევიტყვეთ, რომ გაგვათავისუფლეს. არადა, კონტრაქტით გუნდის ფეხბურთელები ვართ. ამბობენ, კროზისიაო და ამ დროს, სამი თვის ხელფასს გვთავაზობენ. თუ კროზისია, საიდან აქვთ ეს თანხა? ეს არ არის მიზეზი, არაოფიციალურად გაყიდულ თამაშებზე საუბრობენ, რაც აბსურდია. უმეტესობა ახალი მოსული ვართ კლუბში, თვითონ კი აქ არიან წლებია და როგორ ხდება, რომ ახალი მოსული ფეხბურთელები ყიდიან თამაშს. ჩვენ კონტრაქტი გვაქს, ამიტომ გამოვცხადდით თამაშზე, მაგრამ პოლიცია დაგვხვდა და არ შეგვიშვეს, ადმინისტრაცია არც შეგვხმიანებია", - აცხადებენ ფეხბურთელები.
კლუბ ჩიხურას ადმინისტრაცია ამ დრომდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა არ ჩაშლილა, ზუგდიდის გუნდთან საჩხერის "ჩიხურამ" შეცვლილი შემადგენლობით ითამაშა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი