სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა ერთგვარ პრევენციულ მექანიზმსაც წარმოადგენს - ცესკო
სადამკვირვებლო მისიების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი აქვს და ამავდროულად ერთგვარ პრევენციულ მექანიზმსაც წარმოადგენს, - ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ცესკო მზადყოფნას აცხადდებს 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზე ითანამშრომლოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) აქტიურად ემზადება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და გამჭვირვალობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი აქვს და ამავდროულად ერთგვარ პრევენციულ მექანიზმსაც წარმოადგენს. საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება ავტორიტეტული, ნეიტრალური და ობიექტური საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩამოსვლას ქვეყანაში და სრულ მზაობას აცხადებს კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში მჭიდროდ ითანამშრომლოს მათთან, მისიების ოპერატიული, ვერიფიცირებული და სრულყოფილი ინფორმაციით უზრუნველსაყოფად.
არჩევნების მოდერნიზებისა და ტექნოლოგიური ინტერვენციის ამ ისტორიულ პროცესში, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და მათი მიგნებები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საზოგადოების ნდობის განმტკიცებისა და დემოკრატიული პროცესების გაძლიერების მიმართულებით. არჩევნებზე დაკვირვება ზრდის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც თავის მხრივ აძლიერებს პროცესისადმი ნდობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით“, - აცხადებს ცესკო.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოში ეუთო/ოდირის დამკვირვებლები დააკვირდებიან.
ავტორი: ნიუპრესი