საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ჩეხეთის წარმომადგენლის პრეზენტაცია გაიმართა
ტურიზმის განვითარებით დაინტერესებულ აუდიტორიას ქუთაისში ჩეხეთის ქალაქ დეჩინის კულტურისა და ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლმა ელისკა სტრელკოვამ თავისი გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრა საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, ახალი და თანმიმდევრული ინიციატივების განხორციელების მიზნით იმერეთის მხარის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით მოეწყო.
ელისკა სტრელკოვამ აუდიტორიას პრეზენტაცია ქალაქ დეჩინის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების შესახებ წარუდგინა. მან ჩეხეთის პატარა მწვანე ქალაქის მაგალითზე, პოსტინდუსტრიული ქალაქის ახალი სიცოცხლის მიცემის მიზნით, დამსწრე აუდიტორიას მდგრადი ტურიზმის, ტურიზმის ინდუსტრიის მარკეტინგის, სოციალური მედიისა და PR-აქტივობების შესახებ თავისი პროფესიული მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა.
ღონისძიებას იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, კულტურის, ტურიზმის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ 4 წლიან პროგრამას - EU4ITD - „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ ახორციელებს, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი.
პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში, საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.
ავტორი: ნიუპრესი