საფრთხე არის, თუმცა შანსიც ჩნდება - მამუკა არეშიძე „ექვსეულის პლატფორმაზე“
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივა „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნის შესახებ, მართალია, საფრთის შემცველია, თუმცა საქართველოსთვის ერგვარი შანსიც არის.
მისი თქმით, თუ ასეთი ფორმატი შედგება საერთოდ, რაც გულისხმობს 6 ქვეყნის, თურქეთის ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ერთობლივი პლატფორმის შექმნას, შესაძლებელია, საქართველო პირველ ეტაპზე დამკვირვებლის სტატუსით წარსდგეს, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.
არეშიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ თავადაც მიესალმება ისეთ ინიციატივას, რაც საქართველოსათვის რაიმე შანსის მიმცემი იქნება.
„მე არ ვიცი, პრეზიდენტი რას გულისხმობს, მაგრამ მეც მივესალმები ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც საქართველოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს რეგიონში, მაგრამ ჯერ საფრთხეების ლიკვიდაცია უნდა მოვახერხოთ. იქნებ საინტერესო იყოს, რომ საქართველო, როგორც დამკვირვებელი წარსდგეს ამ ფორმატში, თუ კი, ის სართოდ შედგა. ირანისათვის მისაღებია ეს ფორმატი, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რუსეთი ამ ფორმატს მიიღებს თუ არა, მიუხედავად იმისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინიციატივა მოიწონა“, - განაცხადა არეშიძემ სააგენტთან საუბრისას.
კითხვაზე, თუ რამდენად აქვს საქართველოს შანსი საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გარეშე, ასეთ ფორმატში შედეგს მიაღწიოს, არეშიძე აღნიშნავს, რომ საჭიროა სიტუაციის კარგად გაანალიზება და მოსალოდნელი საფრთხეების და სიკეთის გათვლა.
„თავისთავად, ჩვენ ყოველთვის გვეშინია ისეთ ფორმატში მონაწილეობა, სადაც რუსეთია და ვთვლით, რომ რუსეთთან საუბარი საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშე შეუძლებელია, ამას თავისი ლოგიკა აქვს და საფრთხეები რასაკვირველია, არსებობს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, ამდენი წელი გავიდა და ვერ შედგა ისეთი ფორმატი, ჟენევის მოლაპარაკებებს თუ არ ჩავთვლით, რაც საქართველოსთვის მისაღები შედეგის მომცემი იქნებოდა.
დასავლეთისათვის ეს ფორმატი მიუღებელია, ამიტომ ჩვენი პარტნიორები არ დათანხმდებიან ამ ფორმატში ჩვენს მონაწილეობას, თუ არ გვექნა ძალიან სერიოზული არგუმენტი. მე ვთვლი, რომ არ არის გამორიცხული, რომ დადგეს დრო, ამ ფორმატში საქართველო მონაწილეობდეს, როგორც დასავლეთის წარმომადგენელი, მით უფრო, რომ რაც დრო გადის თურქეთი დისტანცირებს დასავლეთისაგან“, - აცხადებს არეშიძე.
კავკასიის საკითხებში ექსპერტის განმარტებით, თურქეთის პრეზინდენტს ეს იდეა დიდი ხანია აქვს, თუმცა აქტუალური ახლა გახდა.
„ერდოღანს ეს დიდეა დიდი ხანია აქვს, 2008 წელს, როდესაც რუსებმა აჭარაში საავიაციო ყუმბარა ჩამოაგდეს, მაშინ ერდოღანი რუსეთში ჩავიდა და ეს ინიციატივა ჩაიტანა, ოღონდ მაშინ 5 ქვეყანა იყო, სომხეთი არ იგულისხმებოდა. მაშინ მოსკოვში ეს წინადადება მოიწონეს, მაგრამ ახლა უფრო აქტუალური გახდა ეს წინადადება.
თურქეთის პრეზიდენტის შემოთავაზება გასაგებია, მას საქართველოს და აზერბაიჯანის ბედი ნაკლებად აინტერესებს, მისთვის მნიშვნელობანია სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში აქტიური დაბრუნება.
ჩვენ გვჭირდება ამ სიტუაციის კარგად გაანალიზება დათვლა, საფრთხეებისაც და სიკეთისაც, რაც აქედან შეიძლება გამოვიდეს, ყოველ შემთხვევაში, ეს ფორმატი გარკვეული ინიციატივის საშუალებას გვაძლევს, მანევრის სივრცე იზრდება. საფრთხეები არის, მაგრამ საშუალებაც არის დიდი კავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცეში შენი თავი უფრო წარმოადგინო“, -აცხადებს არეშიძე.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ყოფნისას განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში შესაძლებელია შეიქმნას „ექვსეულის პლატფორმა“ რომელშიც აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში, სომხეთი შევა. ინიციატივა ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მოიწონა, რასაც საერთაშორისო პარტნიორებისაგან უარყოფითი შეფასებები მოყვა.
ავტორი: ნიუპრესი