ქუთაისის მერი 100 დღის მუშაობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს
ქუთაისის მერმა ახალი გუნდის 100 დღიანი მუშაობა შეაჯამა. ანგარიში მერიამ კლიპის სახით წარმოადგინა.
მასში აქცენტი ინფრტასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ საკითხებზე, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე გაკეთდა.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მათი მთავარი ამოცანა ქალაქის კეთილდღეობასა და განვითარებაზე ზრუნვაა. მერის თქმით, ასდღიან ანგარიშში ის პროექტები მოხვდა, რომელთა მოგვარების დაპირებაც მან წინასაარჩევნოდ გასცა.
სამი თვის განმავლობაში 70 სხვადასხვა სახის ღონისძიება განხორციელდა. კულტურული ღონისძიებებიდან მერმა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მეორე კონკურსი გამოყო.
"გადავწყვიტეთ, ანგარიში ყოფილიყო ას დღეზე, თუმა მას შემდეგ საკმაოდ ბევრი რაღაც გავაკეთეთ ქალაქში, თუმცა წარმოვადგინეთ, რაც გაკეთდა 100 დღეში. ეს არის სოციალური პროექტები და ინფრასტრუქტურა, აქტიურად ვაპირებთ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში ვიყოთ, ჩავაბაროთ ანგარიში, რა გაკეთდა. ვასრულებთ წინასაარჩევნო დაპირებებს, ყველა დაპირება უნდა შესრულდეს, რათა მოსახლეობა შეცდომაში არ შევიდეს", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეხვედრას საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. მათ მერი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი