|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა განცხადებას ავრცელებს. მმართველი ძალის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები გამორიცხავს საქართველოში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გრძელვადიან პერსპექტივაში, მიუხედავად ამისა ოპოზიცია მას მხარს არ უჭერს. ამის გათვალისწინებით,  საპარლამენტო უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს. კონსტიტუციური კანონის ყველა საკვანძო ნორმა სრულად 2020 წლის ნოემბერში ამოქმედდება.

"2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართულმა ოცნებამ“, თავისი წინასაარჩევნო პროგრამით, ამომრჩევლის წინაშე აიღო საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების ვალდებულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაში იქნებოდა მოყვანილი კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან. აღნიშნული წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად, შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, კონსტიტუციური ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ფართო ჩართულობით. კომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რაც ამა წლის ივლისში მკაფიოდ დაადასტურა ვენეციის კომისიამ თავისი საბოლოო დასკვნით.

საკონსტიტუციო ცვლილებები უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული საპარლამენტო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, კონსტიტუციურ ორგანოებს შორის უფლებამოსილებების მკაფიო გამიჯვნას, პარლამენტის გაძლიერებას, საპარლამენტო ოპოზიციის უფლებების გაფართოებას, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, სასამართლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისთვის მყარი კონსტიტუციური გარანტიების შექმნას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ჯეროვან მოწესრიგებას.

კონსტიტუციური კანონი არ შეიცავს არცერთ (!) ნორმას, რომელიც აუმჯობესებს მმართველი პარტიის სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებები გამორიცხავს საქართველოში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას გრძელვადიან პერსპექტივაში. კონსტიტუციური კანონის ყველა საკვანძო ნორმა სრულად ამოქმედდება 2020 წლის ნოემბერში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ოპოზიციამ უარი განაცხადა საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერაზე.

საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო ფართო კონსენსუსის მისაღწევად, „ქართულმა ოცნებამ“, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღების შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოხატა დიალოგის განახლების მზადყოფნა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა თხოვნით, მოეწოდებინათ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. საკითხების ამგვარი ჩამონათვალი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს მისცემდა უმრავლესობის წევრებთან კონსტულტაციების გავლისა და კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებებზე პოზიციების შეჯერების შესაძლებლობას. ამგვარი შეთანხმება, თავის მხრივ, უნდა გამხდარიყო ოპოზიციასთან დიალოგის წარმატებით დასრულების საფუძველი.

თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების არაერთგზისი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო უმრავლესობას არ გასცეს პასუხი კითხვას, რა შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამის ნაცვლად, პასუხად, ოპოზიციამ წარმოადგინა რამდენიმე ულტიმატუმი, და ისიც საპარლამენტო უმრავლესობასთან დიალოგის განახლების წინაპირობად.

ოპოზიციური პარტიების ამგვარმა კონტრპროდუქტიულმა ქმედებებმა შეუძლებელი გახადა საპარლამენტო უმრავლესობაში კონსულტაციების გამართვა და შესაბამისად, დიალოგის განახლება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ოპოზიციის მოქმედებამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ კონსენსუსის არარსებობა ოპოზიციის თვითმიზანი იყო.

იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში დიალოგის პროცესი, ყოველგვარი აზრი დაკარგა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ. აღნიშნული შედეგი მით უფრო სამწუხაროა, რომ ვენეციის კომისიამ გამოავლინა განსაკუთრებული გულისხმიერება საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კონსენსუსის მისაღწევად სტრასბურგში საგანგებო კონსულტაციების მასპინძლობა და მოდერირება შესთავაზა. საპარლამენტო უმრავლესობა მადლობას უხდის ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის.

საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით. საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების საფუძველზე, საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, ექნება იმგვარი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას, - ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი