|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში

   საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ  დაიხვეწა სამართლისა და სამართლიანობის შეფასების სტანდარტები და უნდა ითქვას, რომ დღევანდელი თანამედროვე ადამიანი „გულმხურვალედ’’ ცდილობს, დაიცვას  კონსტიტუციით მინიჭებული კუთვნილი უფლებები და თავისუფლებები.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანი თანასწორი და თავისუფალია კანონის წინაშე და შესაბამისად, თანასწორობის პრინციპის საფუძველზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ დაუშვებელია მნიშვნელოვნად თანასწორებს სახელმწიფო განსხვავებულად მოეპყრას და მნიშვნელოვნად უთანასწოროებს - პირიქით, ერთნაირად ... მას შემდეგ, რაც ადამიანმა გაითავისა ეს ყოველივე, იგი კიდევ უფრო აქტიურად ცდილობს იბრძოლოს საკუთარი უფლებებისთვის.

ნორმათშემოქმედების გზით კანონმდებელმა კიდევ უფრო აქტიური როლი ითამაშა უფლებებისთვის ბრძოლაში და სამართლის ნორმებში განამტკიცა ყველა ის ფუნდამენტურად აუცილებელი და მნიშვნელოვანი  პროცედურა, რომელთა დაცვის შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სასამართლოს გზით ებრძოლოს უსამართლობას, ვინაიდან, როგორც ერთ ავტორიტეტს უთქვამს, სამართალი არასდროსაა ვალდებული თავი დახაროს უსამართლობის წინაშე...  

აღსანიშნავია, რომ ადამიანის მოთხოვნილება, დაიცვას საკუთარი ღირსება,  უფლებები და თავისუფლებები, ბუნებითი სამართლიდან მომდინარეობს, ვინაიდან შეუძლებელია და წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში ისეთი ქვეყნის არსებობა, სადაც არაა განმტკიცებული სასამართლოსათვის მიმართვის თავისუფლება. ამასთანავე თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფო არ უშვებს სამართლის „თვითაღსრულებას’’ და სახელმწიფო, სასამართლო ხელისუფლების სახელით, იტოვებს ბერკეტს, თავად ებრძოლოს უსამართლობას.  

    საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 31-ე მუხლი განამტკიცებს საპროცესო უფლებებს, სადაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულია შემდეგი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. ეს უფლება საყოველთაოა და გააჩნია ყველა ადამიანს, რომელიც იმყოფება ჩვენს ქვეყანაში, მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად. საქართველოს საერთო სასამართლოებთან ერთად, რომლებიც ცალკეული საქმეების განხილვით არიან დაკავებული, საზოგადოებრივი, სოციალური ცხოვრების განმსაზღვრელი და განმაპირობებელი სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა. ეს უკანასკნელი გასული საუკუნის 90-იან წლებში, 1996 წელს შეიქმნა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ფუნქციებიც შეითვისა. მისი ძირითადი დანიშნულება სამართლებრივი აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და ამ მხრივ კანონმდებლობის დახვეწისა და სრულყოფისკენ სწრაფვის უზრუნველყოფაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისაგან შედგება. სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. აღნიშნული პროცედურები ისევ და ისევ კონსტიტუციით განმტკიცებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარეობს და ამასთანავე სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული.

    უზენაესი კანონის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს რაობასა და ფუნქციებს განამტკიცებს კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, რომლის მე-7 მუხლში ვკითხულობთ, რომ მოსამართლე უნდა იყოს მინიმუმ 35 წლისა, 10 წლიანი გამოცდილებითა და გამორჩეული იურიდიული კვალიფიკაციით. ვთვლი, რომ კანონმდებელი აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან აქცენტებს, ვინაიდან სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არიან ის პირები, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ შეცვალონ ქვეყანაში სამართლებრივი და სოციალური „ამინდი“. 

   ის ფაქტი, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, არის გამოხატულება იმისა, რომ სახელმწიფო აღიარებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოში დააყენოს ამა თუ იმ ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი, რა თქმა უნდა, აუცილებელი პროცედურების დაცვით. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს „შუამდგომლობით’’, თავად შეცვალონ ესა თუ ის არაკონსტიტუციური ნორმა, რომელიც მათ აყენებს ზიანს ან მომავალში არსებობს ასეთის დადგომის რეალური  საშიშროება. 

   

  საკონსტიტუციო სასამართლოს აქტიური და მჭიდრო კავშირი აქვს და, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ჰარმონიული“ კომუნიკაცია გააჩნია საერთო სასამართლოებთან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ფუნქცია- მოვალეობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რათა ის ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, ხოლო საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. ეს ყოველივე კი უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმების სისტემატიზაციასა და უზენაეს აქტთან შესაბამისობას.

     აღნიშნული ინსტიტუტი ავტორიტეტულია იმდენად, რამდენადაც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შეუძლია ქვეყნისთვის მეტად საციცოცხლო და სენსიტიური სფეროების სრულიად თავდაყირა დაყენება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, კანონის ეს ნორმა ემყარება „უკუძალის“ პრინციპს.

     მინდა გავიხსენო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უახლოს წარსულში გამოტანილი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყანა სულ სხვა რეალობაში “გადაისროლა“ და საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნების რიგებში ჩაწერა, რომლებშიც მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია. ამ მაგალითის გახსენება კიდევ უფრო მეტად გვარწმუნებს, გვანახებს და მეტად ხელშესახებს ხდის საკონსტიტუციო სასამართლოს როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და სხვა სფეროებში.

     აღსანიშნავია, რომ კანონმდებელმა იზრუნა იმაზეც, რომ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების დროს მაქსიმალურად შეემცირებინა სპონტანური შედეგის დადგომის შესაძლებლობა. ამას ადასტურებს ისიც, რომ თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება,  რაც ნიშნავს იმას, რომ თუ საკონსტიტუციო სარჩელი დაკმაყოფილდა, დიდი ალბათობით, ეს უკანასკნელი ნამდვილად იყო ამის „ღირსი“, თუმცა ესეც შეფასების საკითხია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არის საქვეყნო, ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი შესაბამის ვებ-გვერდზე.

 

ქეთი ჯაფარიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი

ავტორი: ნიუპრესი