საკონსტიტუციომ ერთი დოზა LSD-ს ფლობისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად ცნო
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ერთი ადამიანისთვის საკმარისი დოზა ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის (LSD-ს) (შეძენა/შენახვისათვის) ფლობისთვის პატიმრობის მისჯა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. საქართველოს სახელით გადაწყვეტილება ოთხმა მოსამართლემ: ვასილ როინიშვილმა, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და გიორგი კვერენჩხილაძემ მიიღეს.
სასამართლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილავდა, იყო თუ არა პატიმრობის მისჯა კონსტიტუციური კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების იმ მოცულობით ფლობისთვის, რის გამოც ისინი დამნაშავეებად ცნეს.
„საქმის არსებით განხილვაზე მოწვეული ექსპერტების შეფასებით, ნარკოტიკული საშუალებების მორფინის, ჰეროინის, დეზომორფინის, მეტადონის და ბუპრენორფინის წარმოდგენილი სადავო ოდენობები ნამდვილად არის ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობებზე მეტი. ექსპერტების განმარტებით, ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები განეკუთვნება ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს, ე.წ. დეპრესანტებს, რომელთაც აქვთ დამთრგუნველი ზეგავლენა ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე“, - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ამავე გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ ერთჯერადად მოსახმარი საჭირო ნარკოდიკული საშუალების ფლობის გამო პატიმრობის მისჯა მიიჩნია არაკონსტიტუციურად.
ცხრა ადამიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს გაერთიანებული სარჩელით 2016 წლის 7 მარტს მიმართეს, გადაწყვეტილება კი 9 წლის შემდეჰ 2025 წლის 6 მარტს გამოცხადდა. ყველა მომჩივანს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის წლების წინ პატიმრობა მიესაჯათ.
ავტორი: ნიუპრესი