|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ზურაბიშვილი - შეზღუდვის დაწესებისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ დემოკრატიული პრინციპები

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტის თქმით, შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები.


"ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს.
ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი.
ამიტომ, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება - ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და  მოსალოდნელი საფრთხის შემცირება -  პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით  განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის: გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები; საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.
ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.
საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე.  


ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს.
შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება  და საზოგადოების ინფორმირება.
ასევე, დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი, არც კომენდანტის საათის გამოცხადება.
ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება.


ყველა მოქალაქეს ვთხოვ, მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენას, მაქსიმალურ სიფრთხილეს და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნებას.
მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა