სამტრედიაში მშენებარე ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად სამუშაოები მიმდინარეობს - გზების დეპარტამენტი
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის შემადგენელი მშენებარე საავტომობილო ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად პირველადი კვლევის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდი სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში შენდება. ხიდის ერთ-ერთი ბურჯი 2023 წლის 21 თებერვალს დაზიანდა, რამაც ხიდის ორი მალის ნაშენის ჩაწოლა გამოიწვია.
ხიდის დაზიანების მიზეზების დასადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, კომპლექსური შესწავლა დაიწყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. მოცემულ ეტაპზე უკვე შესაძლებელი გახდა აკვალანგებით ხიდის ვიზუალური დათვალიერება, მისი კონსტრუქციული ნაწილის სკანირება, ბათიმეტრიული კვლევის ჩატარება ანუ წყლის სიღრმისა და ფსკერის, ხიდის კონსტრუქციისა და ფუძე-საძირკვლების შესწავლა და ბურღვითი სამუშაოები“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
უწყების ცნობით, სამტრედია-გრიგოლეთის 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ეს მონაკვეთი გვერდს უვლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს).
სამტრედიაში მშენებარე ხიდი 21 თებერვალს ჩაინგრა.
ავტორი: ნიუპრესი