"სამწუხაროდ, ქუთაისის მერია გადაიქცა ფულის საკეთებელ საამქროდ" - გიგა შუშანია
სამწუხაროდ ქუთაისის მერია გადაიქცა ფულის საკეთებელ საამქროდ, ვიღაცამ საკუთარ სადახლოდ აქცია ქუთაისის ისტორიული ცენტრი - ამგვარად ეხმიანება საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანიას ქალაქის ისტორიულ ცენტრში იაკობ ნიკოლაძის ძეგლის მიმდებარედ სანაყინის მოწყობას. მისი თქმით, ისტორიული ცენტრის უგემოვნო ნაგებობებით დამახინჯება უკვე ტენდენციის ხასიათს იძენს.
"ქართული ოცნება ამჟღავნებს არაპროფესიონალიზმს. ჩვენ ყველამ ვიხილეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, კვერცხისსროლია ჩინოვნიკები როგორ გვარწმუნებენ, რომ კანონის დაცვით მოქმედებენ, სინამდვილეში კანონის წაკითხვა არ იციან, ამის დასტურია გუშინ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც თავისივე შექმნილი სიპი გააუქმეს და ასეთი შემთხვევა ხშირია, როდესაც თავიანთი შეცდომების გასასწორებლად რიგგარეშე სხდომას იწვევენ, სამაგიეროდ, იციან ფულის შოვნა. ეს ეხება როგორც ნიკოლაძის სკვერს, რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, მონპლეზირის თაღთან არსებულ ისტორიულ კედელს, სადაც უკვე ჩადგეს ფარდული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სამწუხაროდ, ქუთაისის მერია გადაიქცა ფულის საკეთებელ საამქროდ. არაპროფესიონალუზმის მექად და ეს ყველაფერი ხდება ჩვენს 3500 წლოვან ქალაქში", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში, არანაკლებ 50 მეტრის რადიუსში, აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს, ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს, ან გააუარესებს მის აღქმას.
ავტორი: ირინა მაკარიძე