„მივესალმები მის უდიდებულესობას, მესხიშვილის თეატრს“ - კოტე აბაშიძე
„მივესალმები მის უდიდებულესობას, მესხიშვილის თეატრს“-ამაგავარად წარსდგა მესხიშვილის თეატრის დასისა და ქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი.
კოტე აბაშიძემ, რომელიც თეატრს კულტურის მინისტრმა წარუდგინა, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მესხიშვილის თეატრთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან იწყებს.
„დღეს იწყება ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი და პერიოდი, რაც გულისხმობს მესხიშვილის თეატრთან ახალ ურთიერთობას. ბუნებრივია, ეს ურთიერთობა იწყება ახალი ფურცლიდან, რადგან სხვა პირობები, სხვა მოთხოვნები და პასუხისმგებლობა არის ახლა ჩემს წინაშე. მე არ ვიქნები საკუთარ თავთან, თეატრთან და ამ ქალაქთან მართალი, რომ არ გავიხსენო ყველა ის ეტაპი, რომელიც მე უკვე მშობლიურ თეტრთან მაკავშირებს. ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპები არის დაკავშირებული ქუთაისის თეატრთან. ამ სცენაზე შედგა ჩემი, როგორც რეჟისორის პირველი პროფესიული გასვლა“-განაცხადა კოტე აბაშიძემ.
მას პასუხის გაცემა მსახიობების კითხვებზეც მოუხდა. შენიშვნაზე, თუ რატომ არ გაახმაურა თავის გადაწყვეტილება იმ დროისთვის, როდესაც მესხიშვილის თეატრის დასი მათ მიერ არჩეული კანდიდატის პროგრამაზე მუშაობდა, აბაშიძემ განმარტა, რომ მას, როგორც ყველაზე მაღალი შანსის მქონე კანიდატს, არ ქონდა უფლება შიდაარჩევნებში ჩარეულიყო და თავისი გადაწყვეტილება გამოეცხადებინა.
„მე მქონდა ყველაზე მაღალი შანსი და ვიყავი უკონკურენტო კანდიდატებს შორის. მე რომ ვყოფილიყავი შიდაარჩევნების მონაწილე, მაშინ მექნებოდა ვალდებულება მეთქვა თქვენთვის, მაგრამ მე პირდაპირ სამინისტროში შევიტანე განცხადება და მივიღე მონაწილეობა კონკურსში. მესმის, რომ არის წყენა, მაგრამ მე მოვიქეცი კანონშესაბამისად“, - განაცხადა აბაშიძემ.
მან ასევე ისაუბრა, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის დამსახურებაზე და პირობა დადო, რომ მის დაწყებულ კურსს გააგრძელებს.
„მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი სიხარულიძეს, რომელმაც 11 წლის განმავლობაში ბევრი სპექტაკლი დადგა, მე გავაგრძელებს მის დაწყებულ კურსს და თეატრში იმუშავებს 4 წლიანი გეგმით, რომლის განხილვაც ყველას შეეძლება. თქვენ შეგიძლიათ მუხლობრივად მიყვეთ ჩემს გეგმას და შემამოწმოთ, როგორ შესრულდება“-განაცხადა კოტე აბაშიძემ.
რჟისორი კოტე აბაშიძე მესხიშვილის თეატრის სამხატვრო პოსტზე კულტურის მინისტრმა დაასახელა. ფაქტმა თეატრში გაურკვევლობა და დასის ნაწილში პროტესტი გამოიწვია. მსახიობები სამინისტროსგან მათ მიერ შიდაარჩევნებში შერჩეული კანდიდატის ენდი ძიძავას დანიშვნას ელოდნენ. სწორედ ამიტომ, ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს სკეპტიკურად განწყობილი დახვდნენ, ნაწილი კი პროტესტის ნიშნად წარდგენას არ დაესწრო.
„კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს მიერ შერჩეული კანდიდატი დანიშნულიყო, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, გვაინტერესებს, თქვენი ეს დაპირება ხომ არ დარჩება დაპირებად, ისევე როგორც მინისტრის სურვილი, რომ გვემეგობრა“? ამ მილოცვებს და მადლობებს ჯობდა, სამოქმედო გეგმა წარმოგედგინათ“,-მიმართა მინისტრს და ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს მსახიობმა ინგა კაკიაშვილმა.
სამხატვრო ხელმძღვანელობის კანიდადტმა ენდი ძიძავამ კი მინისტრის მიერ ახალი ხელმძღვანელის წარდგენასთან დაკავშირებით რიტორიკული შეკითხვა სოციალურ ქსელში დაწერა, „ყავას მივირთმევ და ვიქრობ, თეატრში წავიდე დღეს თუ ქუთაისში?“. ძიძავა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგენაზე დაგვიანებით მივიდა და საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა, მან განმარტა, რომ რჩება თეატრში და მზადაა საჭიროების შემთხვევაში, გვერდით დაუდგეს ახალ სამხატრვო ხელმძღვანელს.
პრობლემის ხელოვნურად არშექმნის იმედი გამოთქვა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და პროტესტის არსებობის შანსები იმთავითვე შეამცირა, როდესაც მსახიობის კითხვას: „როგორ უნდა განვითარდეს თანამედროვე თეატრი?“ მოკლედ უპასუხა. თეატრის განვითარებაზე სასაუბროდ ერთი დღე არ გვეყოფა, მაგრამ თქვენ თუ ჩასაფრებული პოზიციიდან მეკითხებით ამას, არ გინდათ ასეთი საუბარი, თეატრი არა არის დაპირისპირების ადგილი. მიხარია, რომ ასე შეხვდით ჩვენს გადაწყვეტილებას და დღეს აქ ხართ. ის რაც ვნახეთ თბილისში, ცდებოდა ყოველგვარ ნორმებს, როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური თვალსაზრისით“, - განმარტა მიხეილ გიორგაძემ.
კოტე აბაშიძე ოფიციალურად საქმიანობას დღეიდან შეუდგება, როგორც მან მსახიობებს და ადმინისტრაციას გუშინ გამოუცხადა, მისი კარი ყველასათვის ღიაა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი