სანათები ხონისათვის-"ევროპული საქართველო" ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს
ქუთაისის მერია ხონის მუნიციპალიტეტს სანათებს გადასცემს, რაც საარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვაა- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ქუთაისის საკრებულოში დავით გოგისვანიძემ.
მისი თქმით, საკითხი საკრებულოს დღის წესრიგში იყო შესული, თუმცა მათი მოთხოვნის შემდეგ, მერიამ საკითხი შეაჩერა.
"მერიის ინიციატივით, ხონის მუნიციპალიტეტს გადაეცემოდა დაახლოებით 50 სანათი, ეს სანათები არის მეორადი. მიუხედავად იმისა, რომ იმერეთში 12 მინიციპალიტეტია, მაინც და მაინც ხონს გადაეცემოდა. მიზეზი არის არჩევნები, რომელიც ხონში იმართება. გივი ჭიჭინაძე მოსახლოებას პრობლემის მოგვარებას პირდებოდა და სიტყვის კაცი რომ გამოსულიყო, ამიტომ მერიამ გადაწყვიტა სანათები გადაეცა ხონისთვის. მას შემდეგ, რაც საკითხით მივმართეთ უწყებათაშორის კომისიას, მათ მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება, ამიტომ დღის წესრიგში ვერ მოხვდა ეს საკითხი", - განაცხადა გოგისვანიძემ.
მისი თქმით, თუ ქუთაისში მერია ეკონომიურ სანათებს ამონტაჟებს, ასეთივე სანათების უნდა დამონტაჟდეს ყველგან.
ბრალდებას არ ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებიდან იყო მომართვა სანათების გადაცემაზე, მაგრამ ქუთაისს არ აქვს შესაძლებლობა სხვას გადაცეს სანათები, ამიტომ ეს საკითხი აღარ მოხვდა დღის წესრიგში.
"რომ ყოფილიყო პილოტიკური გადაწყვეტილება, გავიდოდა საკრებულოზე, ჩვენ უმრავლესობა ვართ და დავამტკიცებდით ამ საკითხს, მაგრამ ეს არ იყო მთავარი, უბრალოდ, ქუთაისს არ აქვს ამის საშუალება", -განაცხადა ნიკა ლატარიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი