საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 34.5 მილიონი აშშ დოლარის სესხს მიიღებს
საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით $34.5 მილიონის სესხს მიიღებს. COVID-19-ის ვაქცინების შეძენის მიზნით მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის დამატებითი სესხის გამოყოფას დაუჭირა მხარი.
"ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციას გულისხმობს. დამატებითი დაფინანსება, COVID-19-ზე რეაგირების ძირითადი პროექტის ფარგლებში, ხელს შეუწყობს პანდემიის საპასუხო ღონისძიებების გაფართოებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვას. მისი საშუალებით მოხდება COVID-19-ის ვაქცინების, მათ შორის, შპრიცების და სხვა მარაგების შეძენის და გამოყენების მხარდაჭერა, ვაქცინის ლოგისტიკის და განაწილების, დაგეგმვისა და მართვის, ვაქცინასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიის, ტრენინგისა და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ჩათვლით", - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველომ მსოფლიო ბანკისგან პანდემიის დაწყებისთანავე სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო 80 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით.
"მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებით დაფინანსების გამოყოფა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის კონტექსტში, როდესაც ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას, იმუნიზაციას და მიზნობრივ სოციალურ დახმარებას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მსოფლიო ბანკისგან პანდემიის დაწყებისთანავე სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო 80 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის მოქალაქეების დახმარებაში. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება ჩვენი პარტნიორების მიმართ ყოველი ძალისხმევისთვის, რომელიც მათ ჩვენთან ერთად განახორცილეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი