"მიწის გაყიდვა, შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს"
ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ქუთაისის ყოფილი მაჟორიტარი გუბაზ სანიკიძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მიწის გაყიდვას ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე მან ვრცელი ინტერვიუ გაზეთ "ვერსიას" მისცა.
"სამწუხაროდ, ფაქტია, ხელისუფლებამ, პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა, მედიამაც გვერდი აურა მიწის გაყიდვის საკითხს. ჩვენი პოლიტიკური ელიტის, მედიის დიდი ნაწილი დაავადებულია ე.წ ლიბერალური იდეებით. ფიქრობენ, რომ ყველაფერი უნდა გაიყიდოს, მათ შორის, მიწა. არადა, ეს შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს",-აცხადებს სანიკიძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მიწისა და წყლის რესურსების შენარჩუნება და დაცვა, რომლებიც მხოლოდ ქართველი ერის საკუთრება უნდა იყოს. მისი თქმით, საჭიროა ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება.
"წლები გადის და მიწასა თუ წყალზე ფასი მოიმატებს. წყალი უახლოვდება ნავთობის ფასს. მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, დაახლოებით 800 000 ჰექტარი გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს ოქროა, სიმდიდრეა. არასრულფასოვნების კომპლექსის გამო ხშირად ვამბობთ, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, ეს ღმერთი რომ განარისხო, ისეთი რამაა. ესეც სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს, რადგან სიდუხჭირის გამო ადამიანი მამაპაპისეულ კარ-მიდამოს ყიდის ძალიან იაფად. ზოგი ამბობს, რომ ჩვენი ინიციატივა რუსული ნარატივია. მათ ვპასუხობთ - მიწის არგაყიდვა ნიშნავს, რომ ის არცრუსებზე გაიყიდება.
სხვათა შორის, პოლიტიკური საკითხიცაა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აფხაზები თავგანწირვით იბრძვიან და არ ყიდიან მიწას. ჩვენ ცოტა ხელი ხომ უნდა შევუწყოთ მათ?! საინტერესოა, ჯერ კიდევ გვაქვს ეროვნული თვითგადარჩენის მექანიზმი, თუ საერთოდ მოგვეშალა? ეროვნული ინტერესები ჩვენთან არის დაბლაგვებული და ატროფირებული?
თუ უნდათ, პროყიზილბაშური დამარქვან, მე ვერავის ვერაფერში შევეჯიბრები, მაგრამ ქვეყნის სიყვარულში, ბოდიში მომითხოვია და რიგში ჩადგნენ", -აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
ავტორი: ნიუპრესი