|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველომ და უკრაინამ ერთობლივად უნდა იმუშაონ დეოკუპაციაზე- დენის შმიგალი

 

ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა პრესკონფერენცია გამართეს.

 ღარიბაშვილის განცხადებით, მათ ისაუბრეს რუსულ ოკუპაციასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების შესახებ.

"13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ცხინვალში და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება და ეს, რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთებას იწვევს". - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დენის შმიგალის განცხადებით, საქართველომ და უკრაინამ ერთობლივად უნდა იმუშაონ დეოკუპაციაზე და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება სწორედ ამ საკითხზე მიმართონ.

"ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაცია, რათა დავაჩქაროთ საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობის მოპოვება. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავებას და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი ქვეყნების დიალოგში ჩართვას". - განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში, უკრაინა "ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რაც ახლა ძალიან ძვირფასი და ღირებულია". 

გარდა პრემიერმინისტრისა, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთანაც. 23 აგვისტოს კი ის მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. 

 
 
 

ავტორი: ნიუპრესი