საქართველოს დიდ ქალაქებში დიდი ამცრელი სივრცეები შეიქმნება
საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დიდი ამცრელი სივრცეების შექმნა იგეგმება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისში, შესაძლოა, ეს სივრცეები ექსპო ჯორჯიას პავილიონებში, მოლებსა და სპორტულ დაწესებულებებში მოეწყოს.
"ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ სამი ან ოთხი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში - თითო-თითო.
მაგალითად თბილისში აქტიურად ვმუშაობთ ექსპო ჯორჯიას პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ჰუალინგის ცენტრთან, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და მოლებთან, რომ ამ ტიპის ცენტრები იქნეს გაშლილი, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს იქნება როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისევე ცოცხალი რიგებით:, - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, გამყრელიძის განცხადებით, ივლისიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი