საქართველოს ევროპული მეოცე საუკუნე - შეხვედრა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში
საქართველო სამშობლოსა და სახელმწიფოს შორის- ამ თემაზე ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა. საქართველოში სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესის შესახებ ლექციები პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ, ისტორიკოსმა ირაკლი ირემაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ წაიკითხეს.
ლექციების ციკლი, რომელიც დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) ურთიერთობას ევროპასთან და, ზოგადად, მის დამოკიდებულებას დასავლეთისადმი ეძღვნება, "Nova Societas"-მა მოამზადა.
"ეს არის პროექტი, რომელიც სწავლობს, რამდენად იყო საქართველო მეოცე საუკუნეში ევროპის ნაწილი და როგორ ვითარდებოდა პროცესები ამ ჭრილში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ტონის მიმცემიც კი იყო რიგ საკითხებში ევროპული სახელმწიფოებისათვის. მისი განვითარების გზა იყო ერთგვარად ახალი მოდელის შექმნის მცდელობა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო დემოკრატიული, სოციალური სახელმწიფო, რომელიც ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ევროპაში - ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო"- განაცხადა ისტორიის მკვლევარმა ირაკლი ობოლაძემ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დემოკრატიულ საქართველოში ყველა ერის წარმომადგენელი თანაბარ უფლებებში გრძნობდა თავს. დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი სულისკვეთებითა და ბუნებით იყო ევროპული სახელმწიფო. დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების ხედვები და იდეები იმდროინდელი ევროპის პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერების იდენტური იყო. სხვა სიტყვებით, დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები საუბრობდნენ ერთ ენაზე მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის ევროპის პოლიტიკურსა და ინტელექტუალურ ლიდერებთან. სამწუხაროდ, 1921 წლის ოკუპაციამ და, რაც მთავარია, წითელმა ტერორმა, შეაჩერა საქართველოს ევროპული მეოცე საუკუნე.
საქართველოს ევროპული მეოცე საუკუნის შესახებ ლექციები უკვე გაიმართა გორსა და თელავში, ქუთაისის შემდეგ შეხვედრა გაიმართება ზუდგიგსა და ბათუმში.
პროექტის პარტნიორია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
ავტორი: ირინა მაკარიძე