საქართველოში 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა წარადგინა.
მინისტრის განცხადებით, 2017-2020 წლებში 2 500-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რის შედეგადაც 40 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
,,2020 წლამდე საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დაგეგმილია 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დამატებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით, აშენდება შვიდი ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120-ზე მეტ საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ობიექტს. აღნიშნული პროექტების განხორციელება შექმნის 40 000 სამუშაო ადგილს’’, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
ანგარიშის წარდგენინას ზურაბ ალავიძემ მიმოიხილა უმნიშვნელოვანესი პროექტები გზების, წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიური, გარემოს დაცვის მიმართულებები. მინისტრის თქმით, ყველა პროექტის განხორციელება რეგიონებში არსებული შესაძლებლობების რეალიზებას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და ქვეყნის სწრაფ განვითარებას უკავშირდება.
ავტორი: ნიუპრესი