"საქართველოში ამომრჩევლებსა და თანამდებობის პირებს შორის კომუნიკაციის პრობლემაა"
საქართველოში ამომრჩევლებსა და არჩეული თანამდებობის პირებს შორის მზარდი კომუნიკაციის პრობლემაა - აცხადებს NDI-ის წარმომადგენლობა უახლესი კვლევის შედეგების გათვალისწინებით.
როგორც 18 იანვარს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, მოსახლეობის უმეტესობა ელის, რომ პარლამენტის წევრი პარტიის (75 პროცენტი) და საკუთარ ინტერესებს (55 პროცენტი) დაიცავს, და არა მოქალაქეებისას (41 პროცენტი). ასეთი განწყობები განსაკუთრებით ჭარბობს თბილისში.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერები პარლამენტისადმი უფრო პოზიტიური მოლოდინებით გამოირჩევიან. მათი 67 პროცენტი ფიქრობს, რომ დეპუტატები მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ.
გამოკითხვის შედეგები ასევე აჩვენებს, რომ მოქალაქეების პარლამენტთან კომუნიკაცია ძალიან დაბალია: მოსახლეობის 3 პროცენტზე ნაკლებს მიუმართავს თხოვნით პარლამენტარისთვის, ან დასწრებია კომიტეტის სხდომას. თუმცა, მოსახლეობის 10 პროცენტი ამბობს, რომ დასწრებია პარლამენტის ან დეპუტატის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრას.
მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტმა შეძლო სწორად დაესახელებინა პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარის ვინაობა, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით 30 პროცენტით ნაკლებია.
მოსახლეობის მხოლოდ ერთ მეოთხედს სმენია 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო ინიციატივის - საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ. მათგან მხოლოდ 39 პროცენტი ამბობს, რომ საკმარისი ინფორმაცია აქვს ამ ცვლილებების შესახებ და მხოლოდ 6 პროცენტს მიაჩნია, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის აზრს.
“პარლამენტის წევრებს არაერთი შესაძლებლობა აქვთ, რათა მოსახლეობის მეტი ჩართულობა უზრუნველყონ და უკეთ წარმოაჩინონ, თუ როგორ ემსახურებიან ამომრჩევლების ინტერესებს. ასეთი საშუალებებია: საჯარო შეხვედრები, ღია კარის საათები, პარლამენტის უფრო ღია დაწესებულებად ქცევა, სხვადასხვა საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება, კანონშემოქმედების პროცესში მოსახლეობის ჩართვა და სხვა,” - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.
“სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან საარჩევნო სისტემის ცვლილებას მაჟორიტარული ბიუროების გაუქმება მოყვება.”
შეკითხვაზე, თუ “რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია” 31 პროცენტმა დაასახელა “ქართული ოცნება”, 10 პროცენტმა - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 4 პროცენტმა - “ევროპული საქართველო”, 3 პროცენტმა კი - “პატრიოტთა ალიანსი”. პარტიების მხარდაჭერა კიდევ უფრო დაბალია ახალგაზრდებში. მსგავსი მონაცემებია კითხვაზე “ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას”: 27 პროცენტი “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 10 პროცენტი - “ნაციონალურ მოძრაობას”, 3 პროცენტი კი - “ევროპულ საქართველოს”.
“როგორც ჩანს, მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩევლები, ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში არიან. ისინი ელიან თუ როდის შესთავაზებენ პარტიები დამაჯერებელ იდეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განსხვავდებიან სხვა პარტიებისგან და როგორ აპირებენ უკეთესი შედეგების მიღწევას. მანამდე კი, პარტიების მხარდაჭერის მონაცემებში დიდ ცვლილებებს ნაკლებად უნდა ველოდოთ,” - განაცხადა ლორა თორნტონმა.
მოქალაქეები კვლავ უკმაყოფილონი არიან საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების წინაშე
არსებული ბარიერებით. მათ მიაჩნიათ, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია და მხარს უჭერენ გენდერული კვოტის შემოღებას (63 პროცენტი). უმეტესობა ასევე მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა (81 პროცენტი) და ადრეული ქორწინება (72 პროცენტი) დღეს ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობას საკმაოდ ფართოდ ესმის სექსუალური შევიწროების არსი. 80 პროცენტზე მეტი თანხმდება, რომ ადამიანისგან
კარიერული წინსვლის სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ქმედებების მოთხოვნა, სექსუალური შინაარსის კომენტარებით და სხვა ქცევებით სამსახურში არაკომფორტული და უხერხული გარემოს შექმნა და საზოგადოებრივ სივრცეში უცხო ადამიანზე განზრახ შეხება სექსუალური შევიწროებაა. მოქალაქეების უმრავლესობა (77 პროცენტი) მხარს უჭერს სექსუალური
შევიწროების წინააღმდგე კანონის შემოღებას. “მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს ქალების მეტ ჩართულობას პოლიტიკაში, თუმცა პოლიტიკოსები ამ მოთხოვნას ფეხს ვერ უწყობენ,” - განაცხადა ლორა თორნტონმა. - “სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვით იზრდება მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი ისეთი პრობლემების გადაჭრის ალბათობა, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და ადრეული ქორწინება.”
2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.
ავტორი: ნიუპრესი