საქართველოში ახალი ინტერნეტ ვირუსი გამოჩნდა
საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში მსოფლიოში გავრცელებული ინტერნეტ ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, - ამის შესახებ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” ესაუბრა.
ბატიაშვილის თქმით, მონიტორინგმა ვირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა.
”ერთი თვის წინ ჩვენს უნივერსიტეტში გაიხსნა კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, რომელიც ამერიკული კომპანიების - ”ჰემანტეკის”, ”ჩეკპოინტის” და ”ეისეტის” მიერ იქნა შექმნილი. მსოფლიოში დაიწყო ვირუსის გავრცელება, რომელმაც ძალიან დიდი კომპანიები დააზიანა. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვახდენდით მონიტორინგს, თუ რა მასშტაბებით ხდებოდა ამ ვირუსის გავრცელება, რამდენად იზრდებოდა მისი არეალი და პირველი შედეგებიც მივიღეთ. ვირუსის პირველი შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა. ზოგადად, ვირუსმა 200 ათას კომპიუტერზე მეტი მოიცვა და 150-ზე მეტ ქვეყანაშია შეღწეული. ამ სფეროს სპეციალისტები ძირითადად ელოდებიან, რომ დღეს საღამოს დაიწყება ევროპაში შეტევა”, - აღნიშნა ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია რამდენიმე საათში გაავრცელებს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა იქნას დაცული კომპიუტერები შეტევებისგან.
12 მაისს გლობალური მასშტაბით საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ. ჰაკერების მიერ გამოყენებული პროგრამა „WannaCry“ დავირუსებულ კომპიუტერზე ყველა ფაილების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს ზღუდავს და კომპიუტერის ადმინისტრატორს წვდომის აღსადგენად თანხის გადახდას სთხოვს.
წყარო: IPN.GE
ავტორი: