კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალური ვებგვერდის stopcov.ge-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1018 შემთხვევაა დადასტურებული.
მედიკოსების ინფორმაციით, 8 ახალი შემთხვევიდან 3 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევა, მათ შორის ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 2 შემთხვევის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით დაუდგენელია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ორ ადამიანთან ვირუსი გუშინ დადასტურდა და გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა, რასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი კიდევ 10 ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 895 შეადგინა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5497 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.
ავტორი: ნიუპრესი