|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ გაძვირდა ოქრო საქართველოში?

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის გაძვირების პარალელურად, ძვირფასი ლითონის ფასმა საქართველოშიც მოიმატა.
ადგილობრივი ფინანსური ინფორმაციის პლატფორმის „აგორა ფინანსების“ ცნობით, ოქტომბრის თვესთან შედარებით, უმაღლესი ხარისხის ოქროს საშუალო ღირებულებამ 4 ლარით მოიმატა.
დღეის მდგომარეობით, უმაღლესი 999 სინჯის ოქროს ფასმა გრამზე 100.52 ლარი შეადგინა მაშინ, როცა ოქტომბერში იგივე სინჯის ოქროს ფასი გრამზე 96 ლარი იყო.

375 სინჯის ოქრო  37.73 ლარი ღირს;

500 სინჯის - 50.31; 583 სინჯის გრამი ოქროს ფასი - 58.66 ლარია;

750 სინჯის - 75.46; ხოლო 900 სინჯის ოქროს ფასი 1 გრამზე - 90.56 ლარია.
პორტალ oqrosbirja.ge-ს ადმინისტრატორი ლადო ქურდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, რომ ოქროს ფასი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად გაიზარდა.
როგორც ქურდაძე ამბობს, გაიზარდა როგორც ჩასაბარებელი, ასევე ოქროს გაყიდვის ფასებიც. ოქროზე მოთხოვნა კი ზაფხულიდან უფრო და უფრო მცირდება.

მისი თქმით, უმაღლესი ოქროს ჩასაბარებელი ფასი გაიზარდა და 10 ნოემბრის მდგომარეობით, მისი ღირებულება 95-დან 97 ლარამდე მერყეობს, გასაყიდი ფასი კი 100 ლარიდან იწყება.
პორტალის ადმინისტრაციის ცნობითვე, ოქროს ყიდვის ფასები ჩაბარების ფასებზე 4 - 20 ლარით მეტია.

კერძოდ, 333 სინჯის ოქროს ჩაბარების ფასი 15-20 ლარია, ხოლო მოქალაქეს მისი შეძენა 22 ლარად შეუძლია; 375 სინჯის ჩაბარების ფასი 25-26 ლარია, გაყიდვის ფასი - 28; 412 სინჯის ოქროს მოვაჭრეები 27-29 ლარად იბარებენ, ხოლო მოქალაქე მის ყიდვას 30 ლარად მოახერხებს; 583 სინჯის ოქროს შეძენის ღირებულება 56 ლარია, სავაჭრო ობიექტები კი მას 54-55 ლარად ჩაიბარებენ; 750 სინჯის ოქროს ჩაბარების ფასი 70-72 ლარის ფარგლებში მერყეობს, მოქალაქე კი 75 ლარად იყიდის. გაზრდილია ასევე 958 სინჯის ოქროს ფასებიც, რომელსაც სავაჭრო ობიექტები 80-82 ლარად ჩაიბარებენ, ხოლო მოქალაქე 95 ლარის ფარგლებში შეიძენს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე ოქროს ღირებულება მსოფლიოში ერთბაშად 5%-ით გაიზარდა და უნციაზე 1,337 დოლარი შეადგინა.
თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, ოქროზე ფასი ვარდება. ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს ფასი 4,8 დოლარით დაეცა და უნციაზე 1261,60 დოლარი შეადგინა.

bpn.ge

ავტორი: ნიუპრესი