საქართველოში საშუალო ხელფასი 10 პროცენტით გაიზარდა
საქსტატმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2020 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.1 პროცენტით (110.0 ლარით) გაიზარდა და 1 202.7 ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ამასთან, საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა:
• საფინანსო და სადაზღვევო სფეროში – 2 596.4 ლარი (წლიური ზრდა 37.1%);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 887.9 ლარი (წლიური ზრდა 7.8%);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 794.8 ლარი (წლიური ზრდა -0.2%);
• მშენებლობა – 1 703.0 ლარი (წლიური ზრდა 9.5%);
ამასთან, 2020 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 960.4 ლარით, ხოლო კაცების - 1 423.9 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 84.3 და 129.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქსტატის მონაცემებში არაფერია ნათქვამი, მოსახლეობის რა პროცენტი იღებს შრომის ანაზრაურებას ხელფასის სახით.
ავტორი: ნიუპრესი