საქართველოშო ორი ფრანგი ჟურნალისტი არ შემოუშვეს
ავტორიტარიზმის გაძლიერების ფონზე საქართველოში ორი ფრანგი ჟურნალისტი არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) ავრცელებს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 10 აპრილს, ფრანგმა ფოტოჟურნალისტმა ჟერომ შობომ სასამართლო სარჩელი შეიტანა საქართველოს საზღვრიდან მის თვითნებურ გაძევებასთან დაკავშირებით.
ასევე, აღინიშნულია, რომ ორი თვის წინ, 2025 წლის 12 თებერვალს, „რაიმე ვალიდური მიზეზის გარეშე“ საქართველოში შემოსვლა აუკრძალეს კლემო ჟირარდოს, მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოში ათ წელზე მეტია მუშაობდა. მისი სარჩელი უარყოფილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო სასამართლო სხდომა 23 ივნისს არის დანიშნული.
“ამ ორი ფრანგი ჟურნალისტის შესვლაზე დაწესებული აკრძალვა, რომლებიც ცნობილი არიან 26 ოქტომბერს ჩატარებული სადავო არჩევნების წინააღმდეგ პროტესტების გაშუქებით, რეპორტიორების დაშინების წინასწარგანზრახული სტრატეგიის ნაწილია. RSF-ი მტკიცედ გმობს ამ ბოროტად გამოყენებულ გაძევებებს, მოუწოდებს მმართველ პარტიას დაიცვას საქართველოს პრესის თავისუფლების მხრივ ვალდებულებები და მოუწოდებს საფრანგეთსა და ევროკავშირს, ზეწოლა მოახდინონ საქართველოს მთავრობაზე”, - განაცხადა RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჟენ კაველიემ.
RSF-ი აღნიშნავს, რომ ფრანგი ფოტოჟურნალისტი ჟერომ შობო საქართველოში არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროტესტებს ორ თვეზე მეტია აშუქებდა, რის შემდეგაც ის ცოტა ხნით საფრანგეთში დაბრუნდა. როდესაც 30 მარტს მან თბილისში შესვლა სცადა, ის აეროპორტში გააჩერეს, რამდენიმე საათი ტელეფონზე და ბარგზე წვდომის გარეშე ამყოფეს, რის შემდეგაც ათენში გააძევეს. მას რაიმე ახსნის ან დასაბუთების გარეშე ორი 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმის დაუყოვნებლივ გადახდა მოსთხოვეს, თუმცა ერთ-ერთმა ოფიცერმა მას მოგვიანებით უთხრა, რომ მას არ შეუშვებდნენ “რომც გადაეხადა”, ვინაიდან ბრძანება “მაღლიდან” მოდიოდა.
ასევე აღნიშნულია, რომ ორ ფრანგ ჟურნალისტამდე, არჩევნებამდე საქართველოში კიდევ ორი ევროპელი რეპორტიორი არ შემოუშვეს, კერძოდ კი ჩეხეთის მოქალაქე რეი ბეისლი და შვეიცარიის მოქალაქე სტეფან გოსი.
RSF-ი აღნიშნავს, რომ აქამდე მსგავსი აკრძალვები ძირითადად ავტორიტარული რუსეთიდან და ბელარუსიდან გაძევებულ ჟურნალისტებს ეხებოდათ.
წყარო; IPN
ავტორი: