|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საშობაო საჩუქრები პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისაგან

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით,  პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია,  მისი მოადგილე ირაკლი ჭითანავა და ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ირაკლი გელოვანი, სოფელ ბოდბეში, სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის - თემი „ქედელების” ბინადრებს ესტუმრნენ, იქ მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. 

,,სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს კარგად აქვს გათავისებული, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საზოგადოების ღირსეული და სრულფასოვანი წევრები არიან. სწორედ ამიტომ, ყოველ შობა-ახალ წელს,  ხელდამშვენებულნი მოვდივართ ჩვენს მეგობრებთან - ,,ქედელებთან“, რომლებიც ყველას ძალიან გვიყვარს“, - აღნიშნა ზაზა გრიგოლიამ. 

თემი ,,ქედელების“ დირექტორის, ლალი ხანდოლიშვილის განცხადებით,  სასიამოვნო ტრადიცია ისევ გაცოცხლდა. 

„კვლავ ვიგრძენით ის სიყვარული, რომელიც ყოველ წელიწადს მოაქვთ ამ უწყების წარმომადგენლებს“, - აღნიშნა ლალი ხანდოლიშვილმა. 

 

პრობაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტკბილეული გადასცეს, მასპინძლებმა კი, სტუმრებს მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერებინეს და საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

 

ანალოგიური ხასიათის ღონისძიებები მოეწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. იმერეთის, რაჭის და შიდა ქართლის  პრობაციის ბიუროების ორგანიზებით, ბიუროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილი და სოციალურად დაუცველი პირობით მსჯავრდებულების ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო  ნობათი მიართვეს.


პრობაციის ეროვნული სააგენტო სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულთა დასახმარებლად ხშირად მართავს საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ აქციებს.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი