სასტუმრო „თბილისიდან“ გამოსახლებულ ორ ოჯახს ბინა მიღებული არ აქვს - გია თევდორაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი თევდორაძე ხელისუფლებას დევნილების ქუჩაში გამოყრაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ქუთაისში სასტუმრო "თბილისიდან" იძულებით გადაადგილებული პირები ისე გაასახლეს, რომ საცხოვრებელი ფართით არ უზრუნველყვეს.
მისი თქმით, განსაკუთრებული სისასტიკე ისაა, რომ დევნილთა სააგენტო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებ ყველა დევნილს ბინა მიღებული აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბრიფინგზე წარადგინა სააგენტოს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ თამარ თუთბერიძისა და მაია შუბითიძის ოჯახების წევრები სახელმწიფოსაგან ფულადი კომპენსაციით და საცხოვრებელი ფართით დაკმაყიფილებული არ არიან.
“ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ უნამუსობის, უპასუხისმგებლობის პირობებშიც კი, უპრეცენდენტო ფაქტს ადასტურებს. აქ არის დევნილთა უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოცემული წერილობითი პასუხი, რომ მოქალაქეებს არანაირი ფინანსური და საარსებო ფართის კომპენსაცია არ მიუღიათ და მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამ ადამიანებს ტოვებს საცხოვრებელი ფართის გარეშე, ღია ცისქვეშ.
ხელისუფლება, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყო, რომ უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი, აღმოჩნდა, რომ უმთავრეს ღირებულებას საკუთარი ჯიბე და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები წარმოადგენს, სხვა შემთხვევაში, ამ ფსკერის გახვრეტის ფაქტს ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდით", - განაცხადა ტევდორაძემ.
სასტუმრო „თბილისი“ ინვესტორმა უკვე დაანგრია და იქ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელისუფლებისაგან მოითხოვს, დააკმაყოფილონ ფართით ორი ოჯახი და მანამდე მათ საცხოვრებელი ბინის ქირა აუნაზღაურონ.
ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ არიან, მათ ერთხელ საკუთარი საცხოვრებელი ოჩამჩირეში ოკუპანტების გამო დროებით დაკარგეს და დღეს, რუსული ხელისუფლება, ოკუპაციის აქტს აგრძელებს, მათ საცხოვრებელი ფართის გარეშე ტოვებს.
მე მინდა ვთქვა სრული პასუხისმგებლობოთ, რომ ყველანაირად შევეცდებით დახმარება და თანადგომა აღმოვუჩინოთ ამ ადამიანებს.” - განაცხადა თევდორაძემ
ავტორი: ნიუპრესი