|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის სანაპიროზე სასტუმროს მშენებლობა დავის მიზეზი ხდება

ქუთაისში წერეთლის 58 ნომერში, რიონის სანაპიროზე  სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მოქალაქე ვარლამ მეტრეველის სახელზე მერის მოადგილის იუზა უგულავას ხელმოწერითაა გასული წლის  22 დეკემბერსაა გაცემული.  

წერეთლის ქუჩის მცხოვრები იულია ლანჩავა, რომლის სახლსაც მშენებლობა ესაზღვრება, აცხადებს, რომ არამდგრადი ნიადაგის გამო სამშენებლო სამუშაოებმა, შესაძლოა, საფრთხე მის სახლსაც შეუქმნას. 

იულია ლანჩავას განცხადებით, რადგანაც ადგილზე საინფორმაციო დაფა არ არსებობს,  მან მერიიდან გამოითხოვა მშენებლობის ნებართვა. მისი თქმით, დოკუმენტებში მშენებლობისთვის საჭირო, გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა.

 "პროექტის მიხედვით,  სასტუმრო ჩემი საზღვრიდან 3 მეტრის დაშორებით უნდა იყოს, რაც დაცული არაა. ამასთან გაიჭრა საძირკველი, რომელიც მაშინვე წყლით აივსო, ეს არის რიონის წყალი. ჩვენ რიონის კალაპოტში ვცხოვრობთ და საფრთხე, რომ მდინარის წყალი ჩემს სახლსაც დააზარალებს, დიდია. ჩემი მოთხოვნაა შეჩერდეს მშენებლობა, ვიდრე არ გაირკვევა, რამდენად კანონიერია ნებართვა და ირღვევა თუ არა პროექტით მინიჭებული უფლება",-აცხადებს ლანჩავა.

იულია ლანჩავამ მერიას 29 იანვარს მიმართა. 5 თებერვალს ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გამოცხადდნენ, რომლებმაც ერთადერთ დარღვევად საინფორმაციო დაფის არარსებობა დააფიქსირეს. 

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განმარტებით, მათი სამსახური მხოლოდ  უკვე გაცემული სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს.  რაც შეეხება ნებართვას, ჯავახია მიიჩნევს, რომ შეუსაბამობა არც ნებართვაში იქნება. "ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირდა, რომ არ იყო საინფორმაციო ბანერი გამოკრული. მიეცა მესაკუთრეს მითითება 2 დღის ვადაში საინფორმაციო დაფის განთავსების შესახებ მითითება"-განაცხადა ჯავახიამ.

ჯავახიას თქმით, მშენებლობა პროექტით დადგენილ ადგილზე, საზღვრიდან სამი მეტრის დაშორებით მიმდინარეობს. საწინააღმდეგოს ამტკიცებს იულია ლანჩავა.  ადგილზე  ჯერჯერობით მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა საზღვრის მიმდებარედ და არა 3 მეტრის დაშორებით.

იულია ლანჩავას განცხადებით, მშენმებლობის შეჩერების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავს. 

 

  

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე