სახალხო დამცველი ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და შიმშილობას განაგრძობს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სახალხო დამცველმა ბრალდებული მოინახულა.
”უჩა ნანუაშვილმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებული გოდერძი თევზაძე მონახულა. სახალხო დამცველმა პირადად ბრალდებულისგან მოისმინა საქმის დეტალები. გოდერძი თევზაძე თავს დამნაშავედ არ სცნობს და შიმშილობას განაგრძობს. უჩა ნანუაშვილმა ბრალდებულს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს გოდერძი თევზაძის საქმის შესწავლას და ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე დასწრებასაც გეგმავს”, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი