სახალხო დამცველი რიონის ხეობაში პოლიციის ქმედებას ეხმიანება
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გუშინ, 3 აპრილს რიონის ხეობაში კომპანიის წარმომადგნელებმა, მობილიზებული საპოლიციო ძალების თანხლებით, განაახლეს ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. პოლიციამ საპროტესტო ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი გახდა აქციას სხვა მხარდამჭერები შეერთებოდნენ.
„ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ხელს უშლიდა ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დააკავეს აქციის 2 მონაწილე, ხოლო ის პირები, რომლებმაც ვერ მოახერხეს აქციას შეერთებოდნენ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის საფუ
ძვლით 2000-2000 ლარით დააჯარიმეს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვით მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც წინასწარ გაცხადებული იყო მშვიდობიანი შეკრების ჩატარების შესახებ და მისი მონაწილეები არ აჟღერებდნენ ძალადობრივ ზრახვებს. ასევე შეკრების თავისუფლებაში ჩარევად უნდა შეფასდეს ამ პირების დაჯარიმება, რომელთა შეკრების და ადგილზე დარჩენის მიზანს აქციასთან შეერთება წარმოადგენდა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მოახერხეს სასურველ ტერიტორიაზე შესვლა. აღნიშნული ქმნის ეჭვებს პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვის მოქალაქეთა პროტესტის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ, რაც მიუღებელ პრაქტიკას წარმოადგენს.
ასევე, სიგნალის ჩამხშობი აპარატის გამოყენება გახდა გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების ხელშემშლელი ფაქტორი და ამ გზით მოხდა ხენებულ კონტიტუციურ უფლებებში ჩარევა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გზა კვლავ გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დგას წყლის ჭავლის მანქანა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი დღესაც დააკვირდება დაანონსებული აქციის მიმდინარეობას. აპარატი აგრძელებს საკითხის შესწავლას.
სახალხო დამცველი მოუწოდებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოოს აქციების მონაწილეებთან და არ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან.
საქართველოს მთავრობას, კონსენსუსის მიღწევამდე უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო/მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი