სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება (R)
სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება
მიწის რეგისტრაციის რეფორმამ, რომელიც 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, რეგისტრაციის პროცედურა მნიშვნელოვნად გაამარტივა და ამ პროცესში არსებული ბარიერები მოხსნა.
მიწის რეგისტრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნეოვანია საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2016 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის რეგისტრაციას მხოლოდ ახალი სტანდარტით შედგენილი აზომვითი ნახაზის საფუძველზე ახორციელებს. სტანდარტი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში შემუშავდა. რეფორმის შედეგად, გარდა ბარიერების მოხსნისა, ამზომველსა და მოქალაქეს შორის პასუხისმგებლობაც გაიმიჯნა: უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი - ამზომველი.
აღსანიშნავია, რომ რეფორმის დაწყებამდე არასწორად ან ხარვეზებით შედგენილი აზომვითი ნახაზი მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შემაფერხებელი მიზეზი ხშირად ხდებოდა. ახალი სტანდარტისა და დეტალური სპეციფიკაციის დახმარებით, რომელიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა www.napr.gov.ge განთავსებული, ამზომველებმა ზუსტად იციან, როგორ აზომონ ნაკვეთი ცდომილების გარეშე და შეადგინონ სრულყოფილი ნახაზი. აღნიშნულ სიახლეს მინიმუმამდე დაჰყავს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავების წარმოშობის რისკი.
აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში შესრულებული აზომვითი ნახაზის საფასურს საამზომველო კომპანიებს სახელმწიფო უნაზღაურებს. პროცედურა კი ასეთია: მოქალაქეებმა, რომლებსაც მიწის რეგისტრაცია სურთ, აზომვითი ნახაზისთვის მათი რაიონის ყველაზე კომპეტენტურ ამზომველს უნდა მიაკითხონ; აუხსნან, თუ რისი რეგისტრაცია სურთ და აჩვენონ საბუთები, რომლებიც მიწის ნაკვეთზე მათ საკუთრებას ადასტურებს. შემდეგ კი საჭიროა, ამზომველისგან ნახაზის მომზადების შესახებ ხელშეკრულების ფორმა მოითხოვონ, შეავსონ და მას ხელი ამზომველთან ერთად მოაწერონ.
მომდევნო ეტაპზე მოქალაქემ ამზომველს მიწის ნაკვეთი ადგილზე უნდა აჩვენოს და ზუსტად მიუთითოს, სად მდებარეობს მისი ნაკვეთი; დათქმულ დროს მიაკითხოს მას, ხელზე აიღოს აზომვითი ნახაზი, დისკი და სამუშაოს შესრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმოს, ამზომველს კი ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და საბანკო ანგარიშის მონაცემები გამოართვას.
უფლების დამდგენი საბუთი, აზომვითი ნახაზი და ყველა დანარჩენი დოკუმენტი - ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ხარჯების ამსახველი დოკუმენტი და ამზომველის საბანკო ანგარიშის მონაცემები - მოქალაქემ საჯარო რეესტრში უნდა ჩააბაროს. თუ მისი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება, საჯარო რეესტრი ყველა საჭირო საბუთს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში თვითონ გადააგზავნის. შედეგად, ამზომველს გაწეული სამუშაოს ანაზღაურება სახელმწიფოს მიერ პირდაპირ ანგარიშზე ჩაერიცხება.
საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტით შესრულებასთან დაკავშირებით რეგიონებში მოქმედ საამზომველო კომპანიებთან საკონსულტაციო შეხვედრებიც გამართეს. ამ შეხვედრებზე ნებისმიერ ამზომველს საშუალება ჰქონდა, აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მისთვის მოსახერხებელ ქალაქში მიეღო. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო რეესტრის თანამშრომლები მათ ნახაზის შედგენის წესთან დაკავშირებით ტრენინგსაც უტარებდნენ. ამ დრომდე საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში 318 ამზომველმა გაიარა კონსულტაცია. თანამშრომლობა საჯარო რეესტრსა და საამზომველო კომპანიებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.
დაინტერესებულ მოქალაქეებსა თუ საამზომველო კომპანიებს მიწის რეგისტრაციის შესახებ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება ცხელ ხაზზე 2 405 405, ელექტრონული ფოსტითა info@napr.gov.ge და საჯარო რეესტრის facebook-ის ოფიციალური გვერდის დახმარებით შეუძლიათ.
ავტორი: ნიუპრესი