„შავფაროსანი“ „ამორძალი“ აფხაზეთიდან
ქართული საბრძოლო ხელოვნების ქომაგები, წლებია, აღადგენენ ტრადიციებს და გადასცემენ მომავალ თაობებს. სახელიც სიმბოლური აქვთ -„შავფაროსნები“. მათი წყალობით ქართული საბრძოლო ხელოვნება დღითიდღე პოპულარული ხდება. ამას ისიც მოწმობს, რომ მათ გამოჩენას სხვადასხვა ღონისძიებებზე ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდებიან. „შავფაროსნები“ იმითაც არიან გამორჩეულნი, რომ მამაკაცების გვერდით ქართველი „ამორძალებიც“ იბრძვიან. მარიტა ბიბლაია ერთ-ერთი „შავფაროსანი“ „ამორძალია“. ერთი შეხედვით ნაზი გოგონას შეხედვისას, ძნელია დაიჯერო, რომ მებრძოლია, თანაც წარმატებული.
-მარიტა, გაეცანი ჩვენს მკითხველს
- დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში, სოფელ პირველ გალში. პატარაობიდან მოუსვენარი ვიყავი, ალბათ ჰიპერაქტიულის სტატუსი ზედგამოჭრილი იქნებოდა ჩემთვის. იმისთვის, რომ ცოტა მაინც დამეხარჯა ენერგია, მშობლებს სხვადასხვა წრეზე შევყავდი. ორი წელი დავდიოდი კარატეზე, ერთი წელი კალათბურთზე და პარალელურად, ჭადრაკზე. შემდეგ მოვიხიბლე ფრენბურთით, ასევე დავინტერესდი ქართული ხალხური ცეკვებით და ექვსი წელი ვცეკვავდი ანსამბლში „ლაზი“. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ლათინურ ცეკვებზეც დავდიოდი.
-როგორც ვიცი, აფხაზეთიდან ხარ. გვიამბე რაიმე ამ მხარეზე.
-„ჩემი მორდუ აფხაზეთი“... ალბათ, ბევრი რამ გაგიგიათ აფხაზეთის შესახებ, რომ ულამაზესი ბუნებაა, ზღაპრული მთებია და შეუდარებელი ზღვა. მინდა გითხრათ, რომ ეს აბსოლუტური სიმართლეა. მიუხედავად იმ ბატალიებისა, რაც გადაიტანა, რჩება ერთ-ერთი ყველაზე საოცარ ადგილად მთელს მშოფლიოში.
-როდის და რატომ დაინტერესდი ქართული საბრძოლო ხელოვნებით?
-ერთ მშვენიერ დღეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვმეცადინეობდით. გადაღლილმა გავხსენი „ფეისბუქი“ და თვალები ამიჭრელა „შავფაროსნების“ სურათებმა. აღტაცებულმა დავიწყე ინფორმაციის მოძიება, მაინტერესებდა გოგოს თუ მიმიღებდნენ. ამ ძიებაში კი ულამაზესი ანი ცინცაძის და ნიკოლოზ მურმანიშვილის სურათები ვიპოვე, რომლებიც მომავალში ჩემი მასწავლებლები გახდნენ. ჩემთვის დიდი პატივია ფედერაციის წევრობა, სიამაყით ვივსები ყოველ ვარჯიშზე, რადგან ვიცი, რომ მცირედი წვლილი მაინც შეგვაქვს ჩვენი სამშობლოს ისტორიის და კულტურის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში.
-იმ ფესტივალების შესახებ მოგვიყევი, სადაც მონაწილობას იღებდი „შავფაროსნებთან“ ერთად.
-სულ რაღაც ერთი წელია, ვარ „შავფაროსანი“ და მხოლოდ რამდენიმე ღონისძიებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მათგან გამოვარჩევდი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულს და ფესტივალ არტ-გენს. სასიამოვნოა საზოგადოების თბილი დამოკიდებულება. განსაკუთრებით რეგიონებში, „არტ-გენის“ მაყურებლები გვჩუქნიან ზღვა პოზიტივს, რაც თავის მხრივ, დიდი მოტივაციაა ჩვენთვის.
-რამდენად რთულია იყო მებრძოლო გოგონა?
-ნამდვილად რთულია იყო მებრძოლი. საჭიროა კარგი ფიზიკური მომზადება, რათა გაუძლო ვარჯიშების დატვირთვას. თითოეული ილეთი დიდ ყურადღებას და შრომას მოითხოვს. მაგრამ მუშაობას ამარტივებს მეგობრული გარემო და მზრუნველი მასწავლებლები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ გაგიმარტივონ საქმე და დეტალურად აგიხსნან ყველა ილეთი. მეამაყება, რომ ვარ ასეთ ერთგულ და სანდო ადამიანებში. ერთი დიდი და საყვარელი ოჯახივით ვართ.
-როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ქალი მებრძოლის მიმართ, როგორ გამოხატავენ ემოციას?
-რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ვართ „შავფაროსანი ამორძალები“. დიდ ოვაციებს ვიმსახურებთ და ძალიან ეფექტურად მიგვიჩნევენ.
-ხომ არ გიფიქრია სამხედრო სამსახურზე?
-ერთი პერიოდი ჯარში მსახურებაზე ვფიქრობდი. დიდი ინტერესი მქონდა იარაღის და სამხედრო ტექნიკის მიმართ. სამწუხაროდ, ოცნება ვერ ავიხდინე, მაგრამ ინტერესი უცვლელად რჩება. იმედია, მომავალში შევძლებ ჩემი პირადი არსენალის შექმნას.
-გარდა საბრძოლო ხელოვნებისა, რით ხარ დაკავებული?
-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის მეორე კურსზე ვსწავლობ განათლების ადმინისტრირების მიმართულებით. ასევე საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა. ვმუშაობ მე-10 საჯარო სკოლაში. პირველი კლასის დამრიგებელი უნდა გავხდე. ნამდვილად რთულია ასეთ დატვირთულ გრაფიკთან გამკლავება, მაგრამ ერთხელ ვცხოვრობთ და ყველაფრის მოსწრება მინდა. საბედნიეროდ, ლაშქრობისთვის და სნოუბორდით სრიალისთვის ცოტა დროც და ენერგიაც მრჩება, ძალიან მიყვარს მთებში მოგზაურობა. სულ იმაზე ვოცნებობ, კვირაში 7-ის ნაცვლად 9 დღე იყოს– კლდეზე ცოცვაზე დავიწყებდი სიარულს.
ავტორი: ანა ჯიქია