"ორმაისობის" შემცირებული ღონისძიებები და თამაშგარეთ დარჩენილი ქუთაისური ჯგუფები
ქუთაისი წელს ქალაქის დღესასწაულს შემცირებული ბიუჯეტით აღნიშნავს. გასულ წელთან შედარებით „გვირილობის“ პროგრამაც შემცირებულია, ღონისძიებები მთელი კვირის ნაცვლად ორი დღე გაგრძელდება.
დაგეგმილი ღონისძიებებისთვის წელს ბიუჯეტიდან 39 ათასი ლარი გამოიყო, გასულ წელს კი კვირეულისთვის 80 ათას ლარამდე დაიხარჯა. სამაგიეროდ, დღესასწაულთან დაკავშირებით დაფინანსება გაიზარდა ქალაქის ცენტრისა და გარეუბნების ყვავილებით მორთვისათვის. მერია 120 ათასი ძირი ყვავილის ყიდვასა და დარგვაში 60 ათას ლარს იხდის. სამუშაოებს წინა წლების მსგავსად, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ქალაქ სერვისი“ ასრულებს. 2016 წელს იგივე სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 42 ათასი ლარი, 2015-ში კი 36 ათასი ლარი დაიხარჯა.
არშემდგარი ივენთების გამო უკმაყოფილო დარჩნენ ახალგაზრდა შემსრულებლები. შემცირებული ბიუჯეტის მიზეზით ქუთაისის მერიამ უარი განაცხადა „ექსტრემ შოუს“ დაფინანსებაზე. ღონისძიება მსახიობ გიგა მიქაძის ორგანიზებით უნდა ჩატარებულიყო, სადაც მონაწილეობას სხვებთან ერთად ქუთაისელი სკეიტერებიც მიიღებდნენ. თუმცა თანხების უქონლობის გამო, „ესქტრემ შოუ“ არ/ვერ შედგება. გასული წლისგან განსხვავებით, წელს "ორმაისობის" ღონისძიებაში ვერც "ავტორალი" მოხვდა.
წლევანდელი „გვირილობა“ ასევე ქუთაისელი მუსიკოს - შემსრულებლების გარეშე ჩაივლის. ეს ადგილობრივი მუსიკალური ჯგფების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. როგორც ისინი „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებენ, საწყენია, რომ „ქუთაისობის“ ღონისძიებებზე ქუთაისელი მუსიკოს-შემსრულებლები ჩართულნი არ არიან.
„ორმაისობის ღონისძიებებში, ჩვენი სურვილის მიუხედავად ჩართული არ ვართ, რაც, რა თქმა უნდა, საწყენია. ჩვენს ქალაქში ყოველთვის სხვა მუხტს ვღებულობთ ქუთაისელი მსმენელისგან. პრეტენზია არ გვაქვს იმაზე, რომ თბილისიდან ჩამოყავთ ჯგუფები, პირიქით, უკეთესია, რა უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება სხვა ქალაქიდან, მაგრამ როდესაც ქალაქის ღონისძიება აღინიშნება, ვფიქრობ ამ დროს უპირატესობა ადგილობრივ მუსიკოს- შემსრიულებლებს უნდა მიენიჭოს“,- განაცხადა ჯგუფი „ოჩოს ქოხის“ წევრმა გრიშა ყიფიანმა.
ქუთაისის მერის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თამთა თურმანიძის განმარტებით, ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების პოპულარიზაცია მათი უმთავრესი საზრუნავია, თუმცა მათაც მართებთ რეპერტუარის განახლება.
„ადგილობრივ მუსიკოს- შემსრულებლებს უყურადღებოდ არასდროს ვტოვებთ. ჩვენი მისიაც სწორეთ მათი პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა. როცა ვგეგმავთ რაიმე ღონისძიებებს, ისინი აქტიურად გვყავს ჩართულნი, მაგალითად „ზაფხულის საღამოებზე“ თითქმის ყველა მუსიკოს-შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება „ორმაისობის“ ღონისძიებას, წელს გვინდოდა, რომ ქუთაისელი მსმენელისთვის განსხვავებული კონცერტი შეგვეთავაზებინა, ამიტომაც გადავწყვიტეთ თბილისიდან მოგვეწვია ჯგუფები. არ გვინდა საზოგადოებას ერთი და იგივე რეპერტუარი ვასმენინოთ, ამ კუთხით ადგილობრივმა ჯგუფებმა ცოტა მეტი უნდა იმუშაონ. ახალგაზრდების მხრიდან დიდი მოთოვნაა ელექტრო მუსიკაზე, სწორედ აქედან გამომდინარე, წელს პირველად, „ორმაისობის“ გალა კონცერტს ქუთაისელი DJ ZAPA ელექტრონული მუსიკით გახსნის“,-განაცხადა თამთა თურმანიძემ.
ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელი საპასუხოდ „ოჩოს ქოხის“ წევრი აცხადებს, რომ ქუთაისში მოქმედი მუსიკალური ჯგუფები სისტემატურად მუშაობენ ახალი მუსიკისა და პროგრამის შესაქმნელად. როგორც გრიშა ყიფიანი აღნიშნავს, ისინი რეგიონებში უფრო მეტ კონცერტს მართავენ, ვიდრე ქუთაისში.
„მხოლოდ „ოჩოს ქოხის“ სახელით არ ვამბობ, თავინთი პროგრამა ქუთაისში მოქმედ ყველა მუსიკალურ ჯგუფს აქვს. რაც შეეხება „ოჩოს ქოხს“, წელს ჩვენ რამდენიმე ახალი სიმღერა ჩავწერეთ. მიწვევები გვქონდა სხვადასხვა ქალაქებიდან, თუმცა ახალი სიმღერები ჩვენს ქალაქში, ჯერჯერობით არ გაჟღერებულა. საახალწლო კონცერტი თბილისში გვქონდა, ფოთში, გორში მესტიაში და სხვა რეგიონეში. ქუთაისში ორმაისობის კონცერტში მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს მივიღეთ მონაწილეობა“,- აღნიშნავს გრიშა ყიფიანი.
„ნიუპრესი“ დაინტერესდა, თუ ვისი მოსმენა სურთ ადგილობრივებს „ორმაისობის“ ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, მათი აზრები გაიყო. ზოგისთვის კარგი იქნებოდა, თუ ორმაისობას ლელა წურწუმიას ჩამოიყვანდნენ. ზოგს ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების კონცერტის მოსმენა უნდა, ზოგსაც საერთოდ არ აინტერესებს, ვინ იმღერებს გალა კონცერტზე.
„კარგი იქნებოდა, ლელა წურწუმიას თუ ჩამოიყვანდნენ, სხვა არავინ მომწონს“, „2015 წელს ყველაზე მაგარი ღონისძიება იყო, მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისელი და თბილისელი ჯგუფები, მათ შორის, „მუზეუმი“ და „ოჩოს ქოხი“, რომელიც ჩვენთვის ძალიან კარგი მოსასმენი იყო“, „მგზავრები, რომ ჩამოეყვანათ კარგი იქნებოდა“, „ჩემთვის სულ ერთია, ვინ იმღერებს გალა კონცერტზე“,-აცხადებენ ადგილობრივები.
„გვირილობა 2017“-ის გალა კონცერტს წელს პირველად ელექტრონული მუსიკით ქუთაისელი DJ ZAPA გახსნის. კონცერტზე ქუთაისელი მაყურებლის წინაშე, თბილისიდან მოწვეული მუსიკალური ჯგუფები „ურსა“ და „რეზო და ბავშვები“ იმღერებენ. გალა კონცერტზე DJ ZAPA საკუთარ "სეტებს" დაუკრავს, რომლის ქრონომეტრაჟი ერთ საათზე მეტხანს გასტანს.
„წელს არის პირველი ორმაისობა, როდესაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტზე დავუკრავ. ვხსნი კონცერტს, რომელიც იქნება საათნახევრიანი და ძალიან მიხარია ის მომენტი, რომ ქალაქის დიდი მაყურებლის წინაშე წავრსდგები. ელექტრონული მუსიკა, არის დღესდღეობით ძალიან პოპულარული მიმდინარეობა და მიხარია, რომ ქუთაისში ეს ბევრისთვის, ნაცნობი და საინტერესოა, ბევრისთვის კი სიახლე იქნება“,- ამბობს ზაზა ფანჩულიძე, იგივე DJ ZAPA .
DJ ZAPA ქუთაისელებს დაუვიწყარ საღამოს სთავაზობს 3 მაისსაც. ის 100 საფეხურიან კიბესთან „ფერების ფესტივალის“ ფარგლებში სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაუკრავს.
ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები 3 მაისს თემურ ყვითელაშვილის კონცერტით დასრულდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი