რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანისა და სამუშაო პროცესის შეჩერების მოთხოვნას დავაყენებთ - გოლეთიანი
ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე შეხვედრაზე დღეს რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანისა და სამუშაო პროცესის შეჩერების მოთხოვნას დავაყენებთ, ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა გახაცხადა შეხვედრის დაწყების წინ, ევროკავშირის წარმონმადგენლებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და “რიონის მცველების” წარმომადგენლები ერსწრებიან.
გოლეთიანის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საკითხებს შინაარსობრივად არ განიხილავენ და მხარეები უბრალოდ დააყენებენ საკუთარ პოზიციებს, რის მიხედვითაც განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელი იქნება პროცესის გაგრძელება.
„დღევანდელი დღე არ არის მედიაცია. არ იწყება შინაარსობრივი საუბარი საკითხებზე, უბრალოდ დავაყენებთ საკითხებს და ვნახავთ, რამდენად შექმნის ეს იმის წინაპირობას, რომ უშუალოდ მედიაციის პროცესი დავიწყოთ, რა პირობები ექნება სახელისუფლებო მხარეს, რამდენად იქნება თანხვედრაში.
ჩვენ ბოლო შეხვედრაზეც, რომელიც ქუთაისში გაიმართა პრემიერის წარმომადგენლებთან, გვქონდა საუბარი, რომ შეწყვეტილიყო სამუშაო პროცესი და გასულიყვნენ საპოლიციო ძალები ხეობიდან. ამის შემდეგ შევიდოდით მათთან შინაარსობრივ საუბარში და გაიწერებოდა კალენდარი და სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრებდით. ეს პირობაც არაა, ესაა ლოგიკური კანონზომიერება, რომ დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა, იმისთვის, რომ საუბარი შევძლოთ”,- განაცხადა გოლეთიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით დღეს მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს.
ავტორი: ნიუპრესი