|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 262 ლარით განისაზღვრა

საქსტატის ცნობით,  2024 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 262.4 ლარი იყო. 2024 წლის ოქტომბერში კი 256.5 ლარი.

მონაცემების თანახმად, 2024 წლის ნოემბერში 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 10.1 ლარით, წინა თვესთან შედარებით კი 5.9 ლარით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 2023 წლის ნოემბერში 252.3 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, 2024 წლის ნოემბერში 232.4 ლარი, ოქტომბერში - 227.2 ლარი იყო. 2023 წლის ნოემბერში კი 223.4 ლარი.

საარსებო მინიმუმი არის სახელმწიფოს მიერ დაანგარიშებული თანხა, რომელიც სახელმწიფოს წარმოდგენით, ერთ ადამიანს თვეში უნდა ეყოს იმისათვის, რომ იარსებოს. ის ანგარიშდება მინიმალური სასურსათო კალათის, შევაჭრების კოეფიციენტისა და არასასურსათო კალათის საფუძველზე.

მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას - დღეში 2300 კილოკალორიას. საარსებო მინიმუმიდან სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით. დანარჩენი 30% არის არასასურსათო კალათა: მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი, ტანისამოსი და ა.შ.

სასურსათო კალათის შემადგენლობას ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება განსაზღვრავს და მასში 40 დასახელების პროდუქტი  შედის.

 

ავტორი: