შუქრუთელი ქალის მიმართ სავარაუდო შანტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შუქრუთელი ქალის, ვერა კუპატაძეს მიმართ განხორცილებულ სავარაუდო შანტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კუპატაძეს უცნობი პირი მისი ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა.
შეგახსენებთ, შუქრუთში აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ვერა კუპატაძე აცხადებს, რომ უცნობი კაცი თავისი რძლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით დაემუქრა.ვერა კუპატაძე რამდენიმე დღეა პირამოკერილი აპროტესტებს იმას, რომ ”ჯორჯიან მანგანეზმა” კერძო საკუთრება დაუზიანა. კუპატაძე, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი, OC Media-ს უყვება, რომ მან მსგავსი შინაარსის შემცველი ზარი 24 მაისს უცხო ნომრიდან ორჯერ მიიღო. იგი ყვება, რომ უცნობმა პირმა შიმშილობის დაწყებიდან მეორე დღეს დაურეკა.
შუქრუთელები უკვე მესამე დღეა აშშ-ს საელჩოსთან აქციებს მართავენ და "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს მოითხოვენ. დღეს მათ პროტესტს აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი გამოეხმაურა. დეგნანმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ მათი პრობლემები გადაიჭრას.
ავტორი: ნიუპრესი