სკოლა დღეგამოშვებით?- განათლების სამინისტრო ე.წ. შერეულ მოდელს განიხილავს
ვფიქრობთ შერეულ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ონლაინსწავლებას და გარკვეულწილად, საკლასო სწავლებას. ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება, სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, რეკომენდაციები, რომელიც სკოლებმა უნდა შეასრულონ, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი, რომელზეც ვფიქრობთ და რაც გლობალურად აღიარებულია, ეს იქნება შერეული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ონლაინსწავლებას და გარკვეულწილად კი, საკლასო სწავლებას. ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით შესაძლებელი იქნება, სასკოლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება. ამ მოდელის დეტალებზე აჯობებს განათლების სამინისტროს მიმართოთ, თუმცა ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ონლაინკლასები. არის გარკვეული უნარ-ჩვევები, რომლის განვითარება ონლაინსწავლებით შესაძლებელი არ არის. ამას სჭირდება უშუალოდ საკლასო ან პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგრამ სადაც შესაძლებელია, ონლაინმექანიზმის გამოყენება, ეს მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
"ნიუპრესი" ქუთაისის განათლების რესურსცენტრს დაუკავშირდა. როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, საკითხთან ჯერჯერობით არანაირი რეკომენდაცია არ მიუღიათ.
ავტორი: ნიუპრესი