„სკოლაში ხშირად ხდებოდა დისკრიმინაცია განსხვავებული შეხედულებებისა და რელიგიის გამო"
„სკოლაში ხშირად ხდებოდა დისკრიმინაცია რელიგიისა, თუ განსხვავებული შეხედულებების გამო. ჩემი მეგობარი, განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო დაიჩაგრა“,-ამის შესახებ “ნიუსპრესს“ მე-9 კლასის მოსწავლემ უამბო, რომელიც მიზეზთა გამო ვინაობას არ ასაჯაროებს.
მოზარდის თქმით, ქუთაისის #41-ე საჯარო სკოლაში, ვიდრე სასწავლო პროცესი დასრულდებოდა, მისი კლასელი განსხვავებული აზრის გამო დაჩაგრეს. როგორც მოზარდი გვიამბობს, მის მეგობარს კლასის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მასწავლებელმა მიაყენა. ინციდენტმა თანაკლასელებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. ბავშვები მასწავლებლის გავლენის ქვეშ მოექცნენ და კლასელს შეურაცხყოფას ხშირად აყენებდნენ.
„ინციდენტის შემდეგ, ჩემს მეგობარს კარგა ხანს დეპრესია ქონდა. სკოლა შეძულდა, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მოსწავლე და გამორჩეულად ნიჭიერია. მას სკოლაში სიარული აღარ უნდოდა. მეგობრის ამ ვითარებაში ნახვა ჩემთვის ძალიან რთული იყო, ამიტომ ამის შესახებ მის მშობლებს ვუამბე, რის შემდეგაც ის სხვა სკოლაში გადაიყვანეს“, -განაცხადა დაზარალებულის მეგობარმა.
ინციდენტის შესახებ საუბრი არ სურს თავად დაზარალებულს. მოზარდის ახლობლების განცხადებით, პედაგოგმა დაარღვია ბავშვის უფლებები. მათი განცხადებით, მსგავსი ფაქტების კონტროლი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.
აღნიშნული ფაქტის შესახებ მშობლებს ოფიციალურად არავისთვის მიუმართავთ.
"სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვს სუიციდის მცდელობა გასჩენოდა. დაირღვა ბავშვის უფლებები, სიტყვის თავისუფლება. ბავშვს რამდენიმე თვის განმავლობაში დეპრესია ქონდა. მიკვირდა, თუმცა ასაკობრივი გვეგონა, რომ არა მისი მეგობარი, არ ვიცი, რა მოხდებოდა",-განაცხადა მოზარდის ახლობელმა.
სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ მის სკოლაში ტოლერანტული გარემოა.
"ჩვენს სკოლაში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ჩვენთან ტოლერანტული გარემოა. ჩვენ არელიგიურები ვართ",-აღნიშნა მარგველაშვილმა.
საკითხი დღეს აქტუალური იმ მიზეზით გახდა, რომ დაზარალებული მოზარდის მეგობარი წუხს, რომ მისი ყოფილი კლასელი სწავლას მასთან ერთად აღარ გააგრძელებს.
მსგავსი ფაქტი, ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაშიც გამოვლინდა. დისკრიმინაცია მე-2 კლასის მოსწავლეზე დაფიქსირდა, საქმეს განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური სწავლობს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი



16:58
11:46
















