საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სკოლებში სწავლა განახლდება, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება და სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% აიცრება.
მისი თქმით, დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, NCDC სწავლის სკოლებში განახლებაზე რეკომენდაციას ვერ გასცემს.
"დღევანდელი სიტუაციით და ამ მაჩვენებლებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს სადღაც 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალთა 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი ე.წ. დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხევდით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო", - ამბობს გამყრელიძე.
24 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 12.53%, ბოლო 14 დღის - 10.93% ხოლო 7 დღის - 10.72%.
ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 10,7%.