სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 100 ლარამდე გაიზრდება
სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
როგორც ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს, არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვებიც შეძლებენ.
"ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პატარებს. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების, განვითარების, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შორს ვართ სასურველი ვითარებისგან. კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა შორის სიღარიბე. პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს პანდემიის პირობებში.
ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯებესება.
ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება", - წერს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ავტორი: ნიუპრესი