სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე 20 ათასამდე ადამიანია დასაქმებული
სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
პროექტი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 მარტს დაიწყო და ამ დროისთვის 20 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 1000-მდე ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტოებშია გაფორმებული.
იმერეთის რეგიონში ეროვნულ სატყეო სააგენტოში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში და დაცული ტერიტორიების სააგენტოში დასაქმებულ სოციალურად დაუცველ პირებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია, სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე შეხვდნენ და დასაქმებულთა სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
"იმერეთში წარმატებით ხორციელდება პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას. ამაზე მეტყველებს ის რომ, იმერეთის მასშტაბით მთლიანად უკვე 3000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ძალიან, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა მათი დახმარებით რეგიონში. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ სახელმწიფოს აქვს კიდევ რესურსი დაასაქმოს მსგავსი მიმართულებით ჩვენი თანამოქალაქეები და მოვუწოდებ მათ, კიდევ უფრო მეტად აქტიურები იყვნენ და ჩაერთონ პროგრამაში“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი სამუშაო, ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.
პროგრამის ბენეფიციარს ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი, გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნულ შეხვედრებს ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი