"სტაბილურობისათვის" გაღებული ხარკი - "ბონუსები" გამარჯვებულ პარტიას
რას ნიშნავს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ე.წ. ბონუსის დანერგვის ახალი წესი? - კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის პირველ საყოველთაო განხილვაზე ახალი საარჩევნო სისტემის განხილვა დებატების მიზეზი გახდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, დღეს მოქმედი შერეული სისტემა უპირატესობას ანიჭებს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, პროპორციულ სისტემაზე გადასვლით კი მმართველი ძალა საკუთარი ხელით იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროპორციულ სისტემას სტაბილურობის ნაკლები გარანტიები ახასიათებს, ამიტომაც გახდა საჭირო ე.წ. ბონუსების სისტემა, რაც ოპოზიციამ, კერძოდ, კი "ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ ფაშიზმის ფუძემდებლის ბენიტო მუსოლინის კონსტიტუციას შეადარა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წარმოდგენილია ორი ძირითადი ელემენტი. "ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის აპრობირებული პრაქტიკაა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, და მეორე - ეს არის ე.წ. ბონუსი, რომლის თანახმადაც, ის ხმები, რომლებიც არ ნაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებზე, გამარჯვებულ პარტიაზე გადავა".
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციას განსხვავებული მათემატიკა აქვს: "ამასთან დაკავშირებითაც იყო ათასგვარი სპეკულაცია და მათ შორის იტყუებოდნენ ციფრებშიც. რეალურად ბონუსის მოცულობა რომ ავიღოთ, ბოლო 5 არჩევნების მიხედვით იქნებოდა საშუალოდ 5%. ბოლო 4 არჩევნების მიხედვით კი 3.1%. ბოლო არჩევნებში კი, დაკარგული ხმების ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო და იქ ბონუსი იქნებოდა 8%. ანუ საუბარია ერთგვარ მინიმალურ დანამატზე გამარჯვებული პარტიისთვის, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ცოტა მეტი სტაბილურობა საპარლამენტო ცხოვრებაში და ზოგადად პოლიტიკურ სისტემაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კაპანაძე, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ამ ნაწილს "მუსოლინის სისტემას" ადარებს, აცხადებს:
"მუსოლინიმ მართლაც მოიგონა ის, რომ ხმების 25%-ს თუ აიღებდა, დეპუტატების 2/3 ეყოლებოდა პარლამენტში. თქვენი შემოთავაზებული სისტემით, 25% კი არა, შეიძლება უფრო ნაკლები მიიღოთ და მაინც წაიღოთ ის ხმები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მისცეს პარტიებს, რომლებმაც ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი"-განაცხადა მან.
კაპანაძის განმარტებით, " 2012 წელს არჩევნებში, დაახლოებით ხმების 20% იყო დაკარგული, ანუ მიიღეს იმ პარტიებმა, ვინც ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი. 95 წლის არჩევნებში, დაახლოებით 60% იყო ასეთი ხმები.
"თქვენ მოიგონეთ ეს სისტემა, რომლის მიხედვითაც პირველ ადგილზე გასული პარტია, 1 ხმითაც რომ სჯობდეს მეორე ადგილზე გასულ პარტიას, და მეორე და მესამე ადგილზე გასულ პარტიებს რომ შეეძლოთ კოალიციის შექმნა და დამარცხება, შეიძლება ეს ყველაფერი აყირავდეს მუსოლინის პრინციპის მიხედვით, რადგან იმ პარტიების ხმებს, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, მიითვისებს პირველ ადგილზე გასული პარტია. ასეთი უშნო სისტემა არის შემოთავაზებული დღეს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება, 15 მაისს კი თბილისში დასრულდება, რის შემდეგაც მმართველი ძალა მას კანონად აქცევს.
ავტორი: ირინა მაკარიძე