ქუთაისში მიტოვებული შენობები უსახლკაროებისთვის - წინასაარჩევნო დაპირება სამომავლო პერსპექტივაში
ქუთაისის გარეუბნებში მიტოვებული შენობები სოციალურად დაუცველთათვის საბინაო ფონდს გადაეცემა. აღნიშნული ინიციატივა „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, შოთა მურღულიამ, წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააჟღერა.
თუმცა, თვითმმართველობაში მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის ინიციატივის კონკრეტულ დეტალებს არ ახმაურებენ.
„გადაწყდა, რომ ქუთაისის გარეუბანში არსებული გამოუყენებელი შენობები გამოყენებული იქნება საბინაო ფონდისთვის და მოემსახურება ამ სტატუსის (სოციალურად დაუცველები) ადამიანებს. ერთად მივიდეთ გამარჯვებამდე, ერთად შევქმნათ ჩვენი ქალაქის მომავალი,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ გასულ კვირას, ქუთაისში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, კანდიდატების წარდგენისას.
ქალაქის გარეუბნებში არსებული საბინაო ფონდისთვის გადასაცემი შენობების შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობაში არ საუბრობენ. მათ შესახებ მცირე ინფორმაცია მხოლოდ მერიის საბინაო ფონდის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, კახა დალაქიშვილმა მოგვაწოდა. მისი თქმით, თვითმმართველობაში შესაბამისი კანონმდებლობა მომზადებული არაა და არც სოციალურად დაუცველთა ის კატეგორიაა განსაზღვრუილი, ვინც ბინებით უნდა დაკმაყოფილდეს.
„სოციალურად დაუცველები ბევრია, რომელიც ბინას ითხოვს. თემის გამხმაურებისგან თავს ვიკავებთ იმის გამო, რომ საკანონმდებლო ბაზაც არაა ჯერ მომზადებული. პირველ რიგში განსასაზღვრია, ვის ეკუთვნის. რიგითობით რომ დაიწყო, ზოგს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აქვს შემოტანილი განცხადება. უსახლკაროს განმარტებაც არ არსებობს, ვინ შეიძლება იყოს უსახლკარო. ვისაც ჩათვლის თვითმმართველობა - ასეა კანონში განმარტებული. მე ხომ გამომძიებელი არ ვარ, რომ გამოვიძიო, არის თუ არა მართლა უსახლკარო. თვითონ კი აცხადებს, მაგრამ დავეყრდნო მის ნათქვამს? – აცხადებს დალაქიშვილი.
დალაქიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილებას 700-ზე მეტი ოჯახი ითხოვს და მათი დაკმაყოფილება ერთდორულად ვერ მოხდება. მისი თქმით, პირველ ეტაპზე თვითმმართველობამ 100 ოჯახის ბინით დასაკმაყოფილებელი ფართის მოძიება მოახერხა და ამ მიზნით მერიამ ქუთაისის გარეუბანში, კერძოდ გუმათის დასახლებაში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობები შეარჩია.
დალაქიშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საუბარია 5 შენობაზე.
ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობების დიდი ნაწილი ამჟამად ათვისებულია და იქ დევნილები არიან შესახლებული. კახა დალაქიშვილის ინფორმაციით სოციალურად დაუცველთა ოჯახების შესახლება დანარჩენ კორპუსებში მოხდება, რომელთაგან ერთი შენობა წლების წინ მიტოვებული და ნაწილობრივ დაუსრულებელია. მისი ვარაუდით, მიტოვებული შენობის რეაბილიტაციას 500 000 ლარამდე თანხა დაჭირდება, რომლის მოძიებაზეც შემდეგ მერიამ უნდა იზრუნოს.
ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ საბინაო ფონდისთვის შენობების გადმოცემის თაობაზე თვითმმართველობა მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტროსთან აწარმოებს.
„მოთხოვნა გვაქვს გაგზავნილი გადმოცემაზე, მაგრამ მერე ფული ხომ გვინდა?,“ - აცხადებს დალაქიშვილი, რომელიც აღნიშნულის გამო, საკითხს მომავლის პერსპექტივად განიხილავს.
თუ რა დროში დასრულდება მოლაპარაკებები თვითმმართველობასა და სამინისტროს შორის, დალაქიშვილისთვის უცნობია. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად თვითმმართველობაში ფლობენ.
თუმცა, ქუთაისის მერის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა, ნოდარ მიქიაშვილმა აღნიშნულ თემაზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა. მისი განმარტებით, საბინაო ფონდზე მოლაპარაკებები სამინისტროსთან მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მედიასთან ყოველგვარი კომენტარი საქმის მსვლელობას ხელს შეუშლის.
„ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რადგან, შეიძლება ამან მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს“, – ირწმუნება მიქიაშვილი.
ამ დროისთვის, ასევე, გაურკვეველია, მოხდება თუ არა მიტოვებული შენობა–ნაგებობების შესწვალა იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება წლების განმავლობაში მიტოვებულ, ავარიულ შენობებში ცხოვრება.
გაირკვა, რომ საბინაო ფონდისთვის გადასაცემი გამოუყენებელი შენობების შესახებ კონსულტაციები ამ დრომდე არც ქალაქის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურთან მიმდინარეობს.
სამსახურის უფროსი, ანდრო მარჯანიშვილი აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური პროცესში გამოუყენებელი შენობების შერჩევის შემდეგ ჩაერთვება. მარჯანიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული სამსახურის მიერ უნდა დადგინდეს, რამდენად შესაძლებელი იქნება ამა თუ იმ შენობა-ნაგებობის ადაპტირება საცხოვრებელ პირობებთან.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა