|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჭიანჭველა" მაჟორიტარი - "არჩევნები დაპირებებია"

2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე მოსახლეობა ახალ თვითმმართველობას აირჩევს და ამ გზით, ამომრჩეველი ქალაქის მართვის მანდატს მომდევნო 4 წლის ვადით გადასცემს. თუმცა, მანამდე იქნება ბევრი დაპირება ....

რამდენად შესრულდა ის დაპირებები, რომლებიც წინა არჩევნებზე ქუთაისელებს უხვად დაურიგეს და რითაც ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის გული მოიგეს? რა მოთხოვნები ჰქონდა და რა აქვთ სათქმელი თავიანთი ამომრჩევლებისთვის დეპუტატებს, რომლებმაც ოთხწლიანი მაჟრიტარობის მანდატი ერთი პოლიტიკური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოიპოვეს და ამ დროისთვის უმეტესობა სხვა პარტიაში გადავიდა? რას ფიქრობენ ამომრჩევლები პოლიტიკურად "გადანერგილ" უბნის მაჟორიტარ დეპუტატებზე? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს, ყოველ ორშაბათს "ახალი გაზეთის" ახალ რუბრიკაში, "უბნის მაჟორიტარი" მიიღებთ. 

 

რუბრიკის მორიგი სტუმარი საფიჩხიის უბნის ყოფილი მაჟორიტარი და ასევე, ქუთაისის ყოფილი მერი, ბესიკ ბრეგაძეა. პროფესიით ეკონომისტმა და ბიზნესმენმა, ბესიკ ბრეგაძემ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2010 წელს მიიღო, "ნაციონალური მოძრაობიდან".

2012 წელს, დეპუტატად არჩევიდან ორი წლის შემდეგ, ბრეგაძეს საფიჩხიის უბნის მაჟორიტარის მანდატის დატოვება მოუხდა, რადგან ის ქუთაისის მერად დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გამო კი ბრეგაძემ სამშენებლო კომპანიაში "კომფორტი" დირექტორის პოსტი დატოვა.

2013 წლის საპარლამენტო არჩვენებიდან რამდენიმე თვეში, ბესიკ ბრეგაძე ქუთაისის მერის პოსტიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენეს.

საფიჩხიის უბნის მცხოვრებლები მაჟორიტარი დეპუტატის გაკეთებულ საქმეებზე მეტად, მის ფიზიკურ მონაცემებს და "უბნის ბიჭებთან" ურთიერთობას იხსნებენ.

"გამიგია. უბნის ბიჭებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა."

"როგორ არ გამიგია, მაგრამ რომ ავირჩიეთ მის მერე აღარ მოსულა."

"ბესიკ ბრეგაძე ვიცი, მელოტი ბიჭი რომაა ხომ?"

"არ მაინტერესებს. ადრე ბესო ბრეგაძე იყო. ქერათმიანი იყო ხომ?" - ამგვარად აფასებს საფიჩხიის მოსახლეობა თავიანთი უბნის მაჟორიტარს.

2010 წლისთვის საფიჩხიის სამაჟორიტარო უბანში 11 000 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული და მასში 23 ქუჩა შედიოდა. ბესიკ ბრეგაძე ამბობს, რომ ბიზნესსექტორში მოღვაწეობის პარალელურად, მისი ყოველი დილა სამაჟორიტარო ქუჩების შემოვლით იწყებოდა.

გარე განათება, 14 ქუჩაზე ახალი გზის საფარის მოწყობა, წყლის სისტემის რეაბილიტრაცია ამავე ქუჩებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება - ეს ის აქტივობებია, რომელიც ბრეგაძის თქმით, მისი მაჟორიტარობის პერიოდში საფიჩხიის უბანში განხორციელდა.

ბრეგაძე ამბობს, რომ წინაასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის დაპირებები უხვად არ გაუცია. თუმცა, ამომრჩევლისთვის მიცემული ყველაზე მთავარი დაპირება მათთან ხშირი ურთიერთობა იყო.

"არჩევნები დაპირებებია. თუმცა, დაპირებების გაცემას ვერიდები და ვცდილობდი რაც შეიძლება ნაკლები დაპირება გამეცა იმიტომ, რომ ვთვლი, რასაც ადამიანს დაპირდები, ის აუცილებლად უნდა შეასრულო. წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ ადამიანებთან იმაზე მეტი კონტაქტი, ვიდრე ჩემამდე იყო," - ამბობს ბრეგაძე.

"ჭიანჭველა" მაჟორიტარი

მიუხედავად ამისა, საფიჩხიის ყოფილი მაჟორიტარი თვლის, რომ ამომრჩეველთან მაქსიმალურად დაიხარჯა და "ნაციონალური მოძრაობის" იმდროინდელი ლოზუნგი "გასაკეთებელი კიდევ ბევრია", მაქსიმალურად შეასრულა. ამის გამო, ის საკუთარ თავს "ჭიანჭველას" ადარებს. ბრეგაძე ირწმუნება, რომ ამომრჩეველთან კანონმდებლობით დადგენილი შეხვედრები რეგულარულად და სისტემატიურად ჰქონდა, რითაც მოსახლეობაში არსებულ განცდა იმის თაობაზე, რომ პოლიტიკოსებს ადამიანები მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ, გააქარწყლა.

თუმცა, საფიჩხიის უბანში მცხოვრები ამომრჩევლები ამბობენ, რომ ბრეგაძე წინასაარჩევნო დაპირებების გაცემაში არც თუ ისე მოკრძალებული ყოფილა და არჩევნების შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრებსაც მოუკლო.

"ვიცნობ, წინასაარჩევნოდ შევხედრები გვქონია. ჯერ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ დაპირება მოგვცა. გზის გაკეთებას დაგვპირდა, მაგრამ ამ გზებზე გვერდები გვაქვს დამტვრეული," - ამბობს სოლომონ პირველის ქუჩის მცხოვრები, ჟუჟუნა ასათიანი.

"არ ვიცი სახელი და გვარი. ბესო ბრეგაძე? გვარი ნაცნობია. ვიცი, იყო ქალაქის მერი ერთ დროს. მე პირადად არ შევხვედრივარ," - აღნიშნავს დიმიტრი ყიფიანის ქუჩის მცხოვრები, მილორდ ბურჯანაძე.

"ნაციონალების" არჩევნებში რომ იყო, მაშინ შევხვდით, "ქართული ოცნების" არჩევნების დროს არ შევხვედრივართ,"- ამბობს მკურნალის ქუჩაზე მცხოვრები, ნინო ლაჭყებიანი.

"ვიცნობ შორიდან. შეხვედრები არ ვიცი. მანამდე ერთხელ ვნახე, 4 წლის უკან. რაც დაგვპირდა მოსახლეობას, ჩვენს უბანში არაფერი გაუკეთებია. ყველაფერს გვპირდებოდა, გზები და ინფრასტრუქტურა. ახლა დადის და ხალხს ეუბნება მე ვაკეთებ წყალს და ყველაფერსო. ვიცნობთ, მაგრამ უარყოფითი მხრიდან," - ამბობს სოლომონ  პირველის ქუჩის მცხოვრები, მამუკა ჯინჯიხაძე.

"გოგებაშვილის დასასრულში პატარა მოედანი რომაა, იქ გვქონია შეხვედრა. მე თვითონ არ მიმიმართია, თუმცა სხვას დაეხმარა. თავისი ჯიბის ფული კი არ მიუცია, ეკუთვნოდა და დაეხმარა," - იხსენებს გოგებაშვილის ქუჩაზე #30-ში მცხოვრები, ლოლა ბასილაძე.

საფიჩხიის ყოფილი მაჟორიტარი ირწმუნება, რომ საკუთარი ამომრჩეველი მერის პოსტზე გადასვლის შემდეგაც არ დაუტოვებია.

"ვისთანაც დაპირება მქონდა გაცემული, ყველასთან მივედი და გავაფრთხილე, რომ მიწევს ამ მანდატის დატოვება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ნაკლებ ყურადღებას მოგაქცევთ," - აცხადებს ბესიკ ბრეგაძე.

საფიჩხიის უბანში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-19 საჯარო სკოლის წინ მცხოვრებლები მაჟორიტარის მხრიდან უყურადღებობას უჩივიან. მათი თქმით, ისინი უკვე წლების განმავლობაში სკოლის წინ  ე.წ შემაკავებლების დამონტაჟებას უშედეგოდ ითხოვენ.

"პრობლემა ისაა, რომ სკოლასთან ერთი ე.წ "დაწოლილი პოლიციელი" არ გააკეთეს. საფიჩხიის სასაფლაოსთან 12 ცალია გაკეთებული და აქ რა გახდა ასეთი. ვის არ მივმართეთ, მერიას, პატრულს, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა. არც ერთ არჩევნებში არ ვმონაწილეობ, არც ერთ პარტიას და არც ერთ მთავრობას არ ვენდობი. შეიძლება, დამოუკიდებელ კანდიდატს მივცე ხმა," - აცხადებს გოგებაშვილის #18ა-ში მცხოვრები, იოსებ შლამბერიძე.

აღნიშნული პრობლემის თაობაზე ბესიკ ბრეგაძე მის ბრალეულობას ნაკლებად ხედავს. მისი თქმით, გზეზე შემაკავებლების დამონტაჟება მისი სამაჟორიტარო პერიოდის შემდეგ დაიწყო და აღნიშნულ პროცესს საპარტულო პოლიცია კურირებს.

"ამ თემას აგვარებს ქალაქის საპარტულო პოლიცია და ნებართვაც მათ უნდა გასცეს. საპატრულო პოლიციის მიზანიც ის იყო, რომ სკოლებთან და ბაღებთან ამ ტიპის შემაკავებლები ყოფილიყო. ძალიან ბევრ ადგილზე გაკეთდა შემდეგ, სადაც ამის აუცილებლობა არ არის. სამწუხაროდ, ეს ჩემ დროს არ დაწყებულა, ბოლო პერიოდში დაიწყო მათი გაკეთება," - აღნიშნავს ბესიკ ბრეგაძე.

"ცდა ბედის მონახევრეაო"

"მაჟორიტარი ვინაა და მეგრული გვარი აქვს", - ამბობს დიმიტრი ყიფიანის ქუჩის მცხოვრები.

"იყრის უკვე კენჭს "ნაციონალებიდან". ვინ დაუჭრს მხარს? ჩემს ირგვლივ ვინც ტრიალებს, არამგონია ვინმემ ხმა მისცეს," - ამბობს სოლომონ პირველის ქუჩის მცხოვრები, მამუკა ჯინჯიხაძე.

ბრეგაძე საფიჩხიის უბანის მაჟორიტარობას კვლავ აპირებს. მისი თქმით, ის პოლიტიკურ კურსს არ შეიცვლის და 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარის მანდატის მოპოვებას ისევ "ნაციონალური  მოძრაობიდან" შეეცდება.

მოახლოებული არჩევნების წინ, ბრეგაძე დაპირებების გაცემაშიც ტრადიციულია და ცდილობს ამომრჩეველს ნაკლები დაპირდეს. თუმცა, გამოცდილება კარნახობს, რომ ამჯერად აქცენტი აუცილებლად მოსაგვარებელ პრობლემებზე გააკეთოს.

"მირჩევნია პრაგმატული ვიყო მოქალაქეებთან მიმართებაში. ძნელია, როცა ოპოზიციაში ხარ დაპირებები გასცე და შემდეგ ამ დაპირებებზე პასუხისმგებლობა აიღო. ამომრჩეველი კარგად ხვდება, რომ ჩვენთვის მთავარი არაა კონკრეტული დაპირება. ამომრჩეველი საკამაოდ ბრძენია და ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებდა. თუ ისე არ მოხდა როგორც ველოდები, პირველ რიგში ჩემ თავთან მექნება პრეტენზია, ე.ი რაღაც ისე ვერ გავაკეთე, როგორც უნდა გამეკეთებია," - აცხადებს ბრეგაძე.


ავტორი: დეა მანაგაძე