ზედა ვანში აფეთქებისას გარდაცვლილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი
ვანის რაიონს სოფელ ზედა ვანში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი.
როგორც გარდაცვლილის დამ, მარიამ თვალაბეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მის ძმას პოლიციის თანამშრომელი კ.რ. ემუქრებოდა. "ყოველ ღამით პოლიციელი კ.რ. ჩვენს სახლთან მოდიოდა ნასვამ მდგომარეობაში და ჩემს რძალს ეუბნებოდა, რომ მისი უნდა გამხდარიყო, რადგან ჩემი ძმა მისი ღირსი არ იყო. ღამით ეზოში "ბომბაჩკებს" გვიგდებდა და მოსვენების საშუალებას არ გვაძლევდა. ჩემი რძალი აფთიაქში მუშაობდა, თუმცა, იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა, რადგან მოსვენებას არ აძლევდა და მუქარით საყვარლობას სთავაზობდა. როცა ჩემი რძლისგან უარი მიიღო, დაემუქრა, რომ თუკი მისი არ გახდებოდა, არც ჩემი ძმის იქნებოდა. ამიტომ მან ასაფეთქებელი დაგვიდო, რის შედეგადაც ჩემი ძმა გარდაიცვალა", - აცხადებს მარიამ თვალაბეიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ვანის რაიონის სოფელ ზედა ვანში ჯერჯერობით დაუდგენელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრის განცხადებით, ინციდენტამდე მან სახლის ეზოში უცხო ნივთი შენიშნა, რომელიც შემდგომ დასათვალიერებლად საკუთარ ავტომობილში შეიტანა, რა დროსაც აფეთქების ხმა გაისმა.
მომხდარ ფაქტზე მოკვლევას ვანის რაიონული პოლიცია აწარმოებს.
ავტორი: ნიუპრესი