|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჯანელიძე -„ოცნება“ მარადონას არგენტინას ჰგავს, მთელი პასუხისმგებლობა ერთ კაცზეა

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 2014 აქტიურ ფაზაში შევიდა. ფეხბურთმა დაიპყრო ყველა სივრცე და ამით კიდევ უფრო გაამძაფრა როგორც მოყვარულთა ისე ფეხბურთზე გამწყრალთა განწყობები. მაინც რას მატებს მსოფლიოს ფეხბურთი? ბოლო წლებში  რატომ ვერ იხარა ფეხბურთმა საქართველოში? რა ფენომენია "საფეხბურთო ქსენოფობია"?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხებით newpress.ge-ს სტუმარია TV11 -სა და ღამის შოუს სცენარისტი გიორგი ჯანელიძე.

 

-რას მატებს ფეხბურთი კაცობრიობას? ფეხბურთის გარეშე რამე შეიცვლებოდა? როგორი იქნებოდა მსოფლიო?
- მსოფლიოს ფეხბურთი მატებს სამუშაო ადგილებს ფეხბურთელების, მწვრთნელების და ა.შ სახით.  და ართმევს სხვა პროფესიის წარმომადგენლებს სამუშაო დროს, ხმას, ნერვებს და ზოგიერთს ფულს და ბინასაც. ინგლისელებს რომ არ მოეფიქრებინათ ფეხბურთი, აუცილებლად მოიფიქრებდნენ ჰოლანდიელები ტერფბურთს ან ესპანელები ქუსლბურთს,  ცივილიზაციის პირობებში სამყარო ვერ იტანს ვაკუუმს იქ სადაც ფულის კეთება შეიძლება. 

-მატჩი-შედევრები, რომელიც დაგამახსოვრდათ. რომელია ეს მატჩები და რით დაგამახსოვრათ თავი? 
-
ბავშვობაში მახსოვს საფრანგეთი-პორტუგალიის 3:2 და პორტუგალიელი თავდამსხმელი მაშინდელი საბჭოთა ბავშვისთვის ეგზოტიკური სახელით - ჟორდაო, რომელმაც 2 გოლი გაიტანა იმ თამაშში.   დიდობაში მახსენდება თურქეთი-საქართველოს 1:1 ტრაპიზონში. თამაშის წინ ვფიქრობდი თუ წავაგეთ, უკან თბილისამდე 12 საათი წაგებულ ხასიათზე რა ივლის-თქო, მაგრამ ბედად ბოლოსკენ ასათიანმა გაათანაბრა.

-საქართველოში საამაყო მოვლენათა შორის ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ადგილს იჭერს ალბათ ორი გამარჯვება: დიდგორის ბრძოლა 1121 წელს და თბილის „დინამო“- კარლ ცაისი 1981 წელს. რატომ გვიჭირს და ყველაზე მეტად არ გამოგვდის ის, რაც ასე გვეამაყება - ომი და ფეხბურთი? 
ფეხბურთის თამაში ვიცოდით და დაგვავიწყდა.  მარტო ჩვენ არა ვართ ამ დღეში, უნგრელები ჩვენზე გაცილებით მაგრები იყვნენ, მაგრამ ახლა ჩვენ დღეში არიან. იმედია მოვა დრო და გაგვახსენდება და ჩვენ უფრო ადრე გაგვახსენდება, ვიდრე უნგრელებს.
მარტო დავიწყებაზეც არაა, დღესდღეობით ფეხბურთი ძალიან ძვირიანი სიამოვნებაა და ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, არარეალურია სტაბილური წარმატებების მიღწევა, უფრო ეპიზოდური გამონათებების იმედზე უნდა ვიყოთ.
ომი რატომ არ გამოგვდის? როცა მტერი შენზე 50-ჯერ დიდია, მაგას ომსაც ვერ დაარქმევ, ეგ უფრო უბედური შემთხვევაა.
-საქართველოში არსებულ ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებს, რომელ ნაკრებ გუნდებს შეადარებდით? რომელი გუნდი (საკლუბო ან ნაკრები გუნდები) გაგონებთ „ქართულ ოცნებას“, რომელი „ნაციონალებს“ და ა.შ.
-„ნაციონალები“ გავდნენ 70-ნების ჰოლანდიას, ტოტალური და ყველაფრის სწრაფად კეთების თვალსაზრისით.
ივანიშვილს პელედ კი მოიხსენებენ თანაგუნდელები, მაგრამ „ოცნება“ - მარადონას არგენტინას უფრო ჰგავს, მთელი პასუხისმგებლობა ერთ კაცზეა.
-საქართველოში შეუწყნარებლობის ფაქტები ძალიან გახშირდა, მათ შორის ყოველთვის იყო და ახლაც არის საფეხბურთო შეუწყნარებლობა, როცა ერთი გუნდის ფანებს სასტიკად სძულთ სხვა გუნდის გულშემატკივრები. რამ შეიძლება უშველოს საფეხბურთო ქსენოფობიას?
-
მე მისაუბრია ასეთ ქსნოფობეფთან და აღმოვაჩინე, რომ მათ არა მარტო  მოძალადის როლში მოსწონთ საკუთარი თავი, არამედ, როცა სტუმრად მიყვებიან თავის გუნდს,  მსხვერპლის როლშიც  სიამოვნებას იღებენ. სასაცილო ისაა, რომ თავგანწირვის ის ხარისხი, რაც ზოგიერთ ასეთ გულშემატკივარს აქვს, დაახლოებით ათჯერ მეტია  თავისივე საყვარელი გუნდის ყველაზე თავგანწირულ ფეხბურთელისაზე.

-მიჩნეულია (მამაკაცებში), რომ ქალებს არ უყვართ ფეხბურთი, როდის აპირებენ მამაკაცები ამ სტერეოტიპის გადახედვას?     
-
მცდარია მოსაზრება რომ ქალებს არ აინტერესებთ ფეხბურთი. მაშ შემდეგ რაც, სპორტის სახეობიდან, სადაც მოედანზე 22 ტრუსიკიანი დასდევდა 1 ბურთს, ფეხბურთი გადაიქცა ბიზნესად, სადაც მოედანზე 22 დავარცხნილი, მოწესრიგებული მილიონერი 90 წუთის განმავლობაში აკეთებს კიდევ რამდენიმე ათეულ ათას ევროს, შეუძლებელია რომ ქალები ამას ინტერესით არ უყურებდნენ. მამაკაცები როდის გადახედავენ - ეგ არ ვიცი. ყველა მამაკაცი თავისებურია.

-წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატში ვინ არის თქვენი ფავორიტი გუნდი?
-
ვინც წინაზე იყო, წელსაც ის არის - გერმანია.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი