"ხშირად ლიტერატურის სახით კარგად შეფუთული ნაგავი საღდება"
დრო, ლიტერტურა და ადამიანი - მათი ურთიერთგანლაგება, დაცილება და დაახლოება ახდენს თუ არა გავლენას ცხოვრებაზე? რას ცვლისა და რას ტოვებს ძალაში? რა დომინირებს? რა თმობს პოზიციებს? ამ ტრიადის ურთიერთდამოკიდებულებებზე newpress.ge-ს შეკითხვებს პასუხობს მწერალი და მთარგმნელი ირმა ტაველიძე:
– უაილდი ამბობდა, წიგნები კი არ სწავლობენ ცხოვრებიდან, არამედ ცხოვრება ეწყობა წიგნების მიხედვითო. აქვს თუ არა დღეს გავლენა ლიტერატურას ცხოვრებაზე იმ სახით, როგორითაც უაილდის ეპოქაში ჰქონდა? თუ ელექტრონულმა ცივილიზაციამ ცხოვრების მოსაწყობად სხვა მასწავლებლები და მისაბაძები გააჩინა?
– ამ საკითხის სხვა მხარე უფრო მაინტერესებს: რამდენად ახლოს არის სინამდვილე გამონაგონთან? საიდან ჩნდება ის განცდა, რომ ცხოვრება რომანის ლოგიკით არის აგებული? ჩემი საყვარელი მწერლის, პოლ ოსტერის თემაა. შეუძლებელია, ცხოვრებისეულმა კანონზომიერებებმა, რომლებიც ზოგჯერ ყოველგვარ აზრს მოკლებულად მოჩანს, არ გაფიქრებინოს, რომ რომანის პერსონაჟი ხარ. რომანის ლოგიკით კი უფრო მარტივად აიხსნება ის, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ ახსნიდი. ჩემთვის ზღვარი სინამდვილესა და ლიტერატურას შორის პირობითია. გულის სიღრმეში ვიცი, რომ ასეთი ზღვარი არც არსებობს და მხოლოდ რაღაც-რაღაცების გასამარტივებლად არის მოგონილი - ისევე, როგორც ნებისმიერი სადემარკაციო ხაზი. რა გავლენა უნდა ჰქონდეს გამონაგონის ერთ ფორმას გამონაგონის მეორე ფორმაზე? უდავოდ საინტერესო საკითხია. რა თქმა უნდა, ეპოქების მიხედვით ადამიანის მსოფლაღქმაც იცვლება და გამონაგონთან მიმართებაც, მაგრამ წერის მოთხოვნილება ხომ რჩება? საუკუნეების მანძილზე რიტუალური გულმოდგინებით ვქმნით სამყაროებს, რომლებიც ერთმანეთსაც ცვლიან და ჩვენც გვცვლიან, ამ ცვლილებების განსაზღვრა კი ლიტერატურის კრიტიკოსების საქმეა.
- ლიტერატურის მიმართ ისმის პესიმისტური წინასწარმეტყველებები. ის, რომ ნამდვილი ლიტერატურისა და წიგნის მოყვარულები იმდენად მცირე დარჩებიან, რომ, როგორც „უმცირესობებს“, „კატაკომბებში“ მოუწევთ გადანაცვლება „სექტანტობის“ სტატუსით. თქვენ როგორ უყურებთ ლიტერატურის მოყვარულთა მომავალს?
- კარგი მკითხველები ალბათ ყველა ეპოქაში ცოტანი იყვნენ. ასე რომ, აპოკალიფსის მოახლოებას ვერ ვგრძნობ. საფრთხეს ლიტერატურის კომერციალიზაციაში უფრო ვხედ - იმაში, რომ ხშირად ლიტერატურის სახით კარგად შეფუთული ნაგავი საღდება, რამაც შესაძლოა ვიღაცას საერთოდ ააღებინოს ხელი კითხვაზე. ყველაფერი, რაც მასების მოლოდინებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა გათვლილი, უკვე საეჭვოდ გამოიყურება. მწერალი ხომ ის მეწარმე არ არის, რომელიც ჯერ ბაზარს სწავლობს და შემდეგ თავისუფალ ნიშას ეძებს? ზოგადად, მომავალს შიშის თვალით არ შევყურებ: მწამს, რომ მწერლები მწერლებად დარჩებიან და მეწარმეები - მეწარმეებად.
- საქართველოში პატივს სცემენ კულტურას, ღირებულებებს, კლასიკოსებს, რელიგიას, ისტორიულ პირებს, თუმცა რაც უფრო დიდია პატივისცემა, მით მეტია დისტანცირება, მათი კულტად, უსიცოცხლო ძეგლად ქცევა. რამდენად შესამჩნევია ამგვარი ძეგლომანია სხვა ქვეყნებში?
- კლასიკური ტექსტებისგან გაუცხოება მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. ის, რაც შრომას ითხოვს, ყოველთვის მიმზიდველად ვერ გამოიყურება. სხვა საკითხია, რას აკეთებენ დასავლეთის ქვეყნებში მისათვის, რომ ამ ტექსტებმა რაღაც კვალი მაინც დატოვოს მოზარდი თაობის ცნობიერებაში. ზოგადად, ადაპტაციების მნიშვნელობა მესმის, მაგრამ მათთან შეგუება მიჭირს - ცუდ განწყობას მიქმნის, მასევდიანებს. კაცმა არ იცის, რა სჯობს: სერვანტესის წაუკითხაობა თუ ადაპტირებული სერვანტესის წაკითხვა. წიგნად გამოცემულ ”ილიადას” შინაარსს რაიმე საერთო ექნება ჰომეროსის პოემასთან? ამ მხრივ პოსტმოდერნისტული ექსპერიმენტები საერთოდ ვერაფერს ცვლის, რადგან ეს მათ ამოცანას არც წარმოადგენს. ასეთია კლასიკის ხვედრი - გავრცელებული მეტაფორა რომ გამოვიყენოთ, დავიწყების მტვერი, ნელი და მოსაწყენი სიკვდილი.
-ლიტერატურიდან მკითხველთა გარკვეული ნაწილი ჭკუის სწავლებას, სულიერებას ითხოვს. რამდენად ევალება ლიტერატურას ვინმეს გაზრდა-აღზრდა და მორალიზება?
- წიგნი ნებისმიერ შემთხვევაში გცვლის. სხვა საკითხია, რამდენად სასიკეთოა ეს ცვლილება ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, რომ უმთავრესი სწორედ ცვლილების ფაქტია - კვალი, რომელსაც თითოეული სიტყვა თუ წინადადება ტოვებს და არა ზნეობრივ ნორმებთან მისი შესაბამისობა. მარკიზ დე სადის რომანების წაკითხვის შემდეგ ვერაფრით გახდები იმაზე უფრო მაღალზნეობრივი, ვიდრე მანამდე იყავი. პირიქით, იმ მცირედ უმანკოებასაც კი კარგავ, რაც შესაძლოა მის წაკითხვამდე სადღაც მაინც შემოგრჩენოდა. ჩემი რწმენით, ლიტერატურას ნამდვილად შეუძლია ადამიანის გაზრდა, მაგრამ ამ პროცესს მორალის კატეგორიებთან საერთო ნაკლებად აქვს.
- რას უნდა დააღწიონ თავი პირველ რიგში ქართველმა მწერლებმა, ქართულმა ლიტერატურამ (თუკი არსებობს რაიმე ობიექტური „შებრკოლების ლოდი“), რომ ქართული პროზა იმაზე ღრმა და საინტრესო გახდეს, ვიდრე დღეს არის?
- მარტივი
პასუხი მაქვს: ქართველმა მწერლებმა წიგნები უნდა იკითხონ, კარგი მწერლების დაწერილი კარგი წიგნები. საითაც არ უნდა გაიხედო, განათლების დეფიციტი ბუნებრივად მოგხვდება თვალში. რა თქმა უნდა, ყველა თანამედროვე მწერალს არ ვგულისხმობ და არც უნივერსალური გამოსავლის მჯერა. უბრალოდ, რაზეც ვსაუბრობ, ზოგადი ტენდენციაა. როგორ წავაკითხოთ მწერლებს ჰომეროსის ”ილიადა”? შეიძლება ვინმემ გაიფიქროს, რაში სჭირდებათო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველ პოეტს და პროზაიკოსს რომ წაკითხული ჰქონდეს ”ილიადა” და ”ოდისეა”, თანამედროვე ქართული ლიტერატურა ოდნავ უკეთესი იქნებოდა. ეს პოემები კი მხოლოდ დასაწყისია...
- რა გავლენას ახდენენ თქვენზე, როგორც მწერალზე, ხელოვნების სხვა დარგები? ასევე ახალი ტექნოლოგიები? ხომ არ გკარნახობენ ახალ ფორმებს, ახალ გამომსახველობით საშუალებებს?
- არ ვიცი. გავლენას ალბათ ყველაფერი ახდენს, რაც ჩემს ირგვლივაა. მუსიკა, რომელიც მეზობლის ბინიდან მესმის, ან ღია ფანჯრიდან შემოსული ახლადგამომცხვარი ნამცხვრის სუნი. რაღაც განწყობას ყველაფერი ქმნის. ზოგადად, ფორმა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უმნიშვნელოვანესი კი ენაა, რომელთან ურთიერთობაც ნამდვილი თავგადასავალია - ხიფათით, მოულოდნელობებით, სიხარულით, ბედნიერი წუთებით სავსე თავგადასავალი. რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიებს, კი, ტექსტური რედაქტორი ძალიან მოსახერხებელია, ტექსტზე მუშაობის პროცესს დიდწილად ამარტივებს, მაგრამ არსებითად არაფერს ცვლის. მწერლისთვის უპირველესი ინსტრუმენტი ენაა, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. შეგრძნების ორგანოსავითაა: ამით გრძნობ, ამით აღიქვამ.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი